ევროკავშირი ”ჩიხური სიტუაციის” მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
თბილისში აკრედიტირებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურმა მისიებმა, ევროკომისიის დელეგაციამ და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ მოუწოდეს ოპოზიციას და ხელისუფლებას ”დაიწყონ სერიოზული და კონსტრუქციული მოლაპარაკება, რათა დაძლეული იყოს დღევანდელი ჩიხური სიტუაცია, ასევე, განახორციელონ ის პოლიტიკური რეფორმები, რომლებიც ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვისაა აუცილებელი”.
ერთობლივი განცხადება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის 6 მაისს მომხდარ დაპირისპირებამდე გამოქვეყნდა.
”მედიის თავისუფლების საკითხები შეიძლება ამ მოლაპარაკების ნაწილი გახდეს. ვადასტურებთ მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ ქვეყანაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე მიმართულ პოზიტიურ ნაბიჯებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი კვლავ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
”ჩვენ მტკიცედ ვგმობთ დამცირების, დაშინების და ძალადობის ყველანაირ აქტს. მაგალითად, ის, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ვიხილეთ, როდესაც ჟურნალისტებზე ხორციელდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა, გვაშფოთებს და უბრალოდ მიუღებლად მიგვაჩნია,” – ნათქვამია განცხადებაში.
”ვაღიარებთ, რომ მედიის თავისუფლებას საქართველოში განმტკიცება სჭირდება, რომ დაცვა სჭირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და ჟურნალისტის თავისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველანაირ ძალისხმევას ამ მიმართულებით, თუმცა, ასევე მხარს ვუჭერთ ჟურნალისტის უფლებას, ეპყრობოდნენ პატივისცემით და შეძლოს თავისი საქმიანობის ღირსეულად განხორციელება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას სრულიად გამჭვირვალედ გააგრძელოს გამოძიება ძალადობის და თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით, რასაც უნდა მოყვეს საქმეეების სწრაფად დასრულება და სასამართლოში გადაცემა. ასევე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიჩინოს თავშეკავება და არ მიმართოს ძალადობის გამომწვევ რიტორიკას და ქმედებას,” – ნათქვამია განცხადებაში.
”ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მშვიდობიანი თავშეყრის უფლება მოქალაქის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს წესრიგის დაცვას, რომ მანიფესტაციები მინიმალურ პრობლემებს უქმნიდეს ინსტიტუტების ფუნქციონირებას და მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვას ქვეყანაში არსებული კანონები და საზოგადოების მშვიდობიანი შეკრების წესები,” – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)