ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეხვედრის საჭიროებაზე საუბრობს
საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციურ ძალთა ლიდერები აცხადებენ, რომ საჭიროა ხელისუფლებასთან შეხვედრა შექმნილი კრიზისის დასაძლევად.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია მზადაა ”უახლოეს დღეებში” გამართოს შეხვედრა.
”გუშინდელი დღე იყო უმძიმესი ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის პროცესში. ქვეყანა მართლა დგას კატასტროფის წინაშე. ამიტომ მე ერთადერთ გამოსავლად ამ შექმნილი ვითარებიდან ვთვლი, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება განხორციელდეს ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრის გზით,”- განაცხადა მან 7 მაისს.
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის მზადაა შეხვედრისთვის მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომის პირობებთან დაკავშირებით.
”მზად ვართ პრეზიდენტს შევხვდეთ და ვესაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ის უნდა წავიდეს და ამ რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ მისი გადადგომა,”- განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
”მე ეს პოზიცია პირადად არა ერთხელ დამიფიქსირებია, მე არაერთხელ მითქვამს, რომ არანაირ სხვა თემასთან დაკავშირებით მე არანაირი მოლაპარაკებების არ მჯერა,”- განაგრძო მან, ”მაგრამ ბუნებრივია, თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ თემებზე საუბარი გაიმართოს ან აქვს იმედი, რომ რაიმე ამ თემებიდან გამოვა, მე არავითარ შემთხვევაში ამას ხელს არ შევუშლი”.
საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”ძალიან სერიოზული” ინციდენტების ფონზე ”აუცილებელი არის, რომ გაიღვიძოს სააკაშვილმა, გაიგოს რა ხდება, თავისი შეფასება გააკეთოს ამ სიტუაციის და ბოლოს და ბოლოს როგორც ვითხოვთ, რამდენი ხანია, შეგვხვდეს და გვითხრას როგორ ხედავს გამოსავალს ამ კრიზისიდან”.
ეს განცხადებები დღეს ლიდერებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთეს. შეხვედრაზე, რომლის ინიციატორიც ოპოზიცია იყო, ლიდერები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან გუშინ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ. ამ ინციდენტთან დაკავშირებით დიპლომატებს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)