ლავროვმა და კლინტონმა საქართველოზე იმსჯელეს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ რამოდენიმე საკითხზე მათ თავიანთი წუხილები გამოხატეს.
”ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვემსჯელა ადგილზე არსებულ ვითარებაზე და სტაბილურობის საჭიროებაზე. და მე მიმაჩნია, რომ მინისტრი ლავროვი, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლება, აღიარებს, რომ სტაბილურობა და საქართველოში დაძაბულობის მშვიდობიანი მოგვარება ყველას ინტერესებში შედის,” – განაცხადა კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ შეხედულებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, დაწყებული ავღანეთიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ირანიდან იმ საკითხების ჩათვლით, რომელშიც ჩვენ საერთო ინტერესები და საერთო წუხილები გაგვაჩნია, ასევე იმ საკითხებზეც, სადაც ჩვენი შეხედულებები შესაძლოა განსხვავდებოდეს,” – განაცხადა კლინტონმა, ”ჩვენ ორივეს გვინდა სტაბილურობის და უსაფრთხოების მიღწევა საქართველოში. ჩვენ ორივე მზად ვართ, რომ ნატო-რუსეთის საბჭომ გახსნას ახალი მნიშვნელოვანი არხი დიალოგისთვის. ჩვენი ყურადღება მიმართულია იმის უზრუნველყოფისკენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს ჰქონდეთ ძალიან ენერგიული მიმდინარე დიალოგი ჩვენს ორ მთავრობას შორის”.
კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ ”მოძველებული შეხედულებაა, რომ რადგან ჩვენ უთანხმოება გვაქვს ერთი მიმართულებით, ამიტომ აღარ უნდა ვიმუშავოთ სხვა იმ სფეროში, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს”.
”ჩვენ ასე არ ვფიქრობთ,” – განაგრძო მან, ”თუ შეხედავთ, რას ვაკეთებთ სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კუთხით, რაც უკავშირდება მსოფლიოს მომავალ უსაფრთხოებას, აშშ-ს და რუსეთს კონკრეტული პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენ ძალიან მჭირდოდ ვმუშაობთ ერთად. იქ, სადაც ვერ ვთანხმდებით, სადაც ყველა დიდი ქვეყანა ვერ თანხმდება – ზოგჯერ ოჯახის წევრებიც ვერ თანხმდებიან – საჭიროა დავინახოთ, თუ როგორ შევამციროთ დაძაბულობა, ვეძებოთ, როგორც მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, კომპრომისი და პრაქტიკული მოგვარების გზები. ამრიგად, ყველა ამ საკითხზე ვმსჯელობთ”.
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ განხილულ იქნა ”კავკასიაში, და კერძოდ სამხრეთ კავკასიაში” არსებული სიტუაცია.
”ჩვენ ნამდვილად გვაქვს უთანხმოებები და არ ვმალავთ ამას. მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით ერთ რამეზე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იქ სტაბილურობას მივაღწიოთ,” – განაცხადა მან, ”და ჩვენ იმაზეც ვთანხმდებით, რომ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არ დავუშვათ ეთნიკური დაძაბულობის ხელახალი გაჩენა. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ იმ პროცედურების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას. და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს, შეუძლიათ თავისი წვლილი შეიტანონ ამაში. გაერო საკმაო ხანია მუშაობს საქართველოში და აფხაზეთში. და რა თქმა უნდა, ეუთომაც უნდა შეასრულოს თავისი როლი. ეს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. და მოლაპარაკებები, რომელიც ვენაში გაიმართება ურთიერთმისაღები ფორმატის გამოსაძებნად, შესაძლებელს გახდის ეუთოს იქ ყოფნის განახლებას. სამხრეთ ოსეთში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვნახოთ ის პარამეტრები, რომელიც მისაღები იქნება ყველა იმ მხარისთვის, რომელიც იქ თავის მისიას განახორციელებს და რომელიც თავის ტერიტორიაზე მიიღებს შესაბამის მისიებს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)