მედვედევი ქართველ ხალხს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ულოცავს

ქართველი და რუსი ხალხები ”არასდროს ყოფილან მტრები” და ”ორი სულიერად ახლო ხალხის ურთიერთმიზიდულობა დაგვეხმარება შეთანხმებულად განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი და პარტნიორული ურთიერთობები,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქართველი ხალხისადმი გზავნილში, რომელშიც მან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე მიულოცა.

”9 მაისს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს მამებს და ბაბუებს, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ დიდი სამამულო ომის ფრონტებზე, დაამარცხეს ფაშიზმი, დაიცვეს ჩვენი თავისუფლება და მთელი მსოფლიო ისტორიის სვლა შემოაბრუნეს,” – ნათქვამია გზავნილში, რომელიც 8 მაისს კრემლის ოფიციალურ ვერბგვერდზე გამოქვეყნდა. ”ფაშისტ დამპყრობლებთან ერთობლივი ბრძოლა არის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და გმირული გვერდი რუსულ-ქართული მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება, რომ დამარცხებული რეიხსტაგის თავზე დროშა რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს”.

”ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობა, კეთილმეზობლობის და მეგობრობის ტრადიციები არის მყარი ფუნდამენტი ჩვენ ხალხებს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების აღსადგენად, იმ ხალხებს შორის, რომლებიც არასდროს ყოფილან მტრები. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთსახელმწიფოებრივი ურთიერთობები დღეს სერიოზული გამოცდის წინაშე დგას, დღემდე არ წყდება პირდაპირი ადამიანური კონტაქტები და თანამშრომლობა საზოგადოებრივი, კულტურული ორგანიზაციების ხაზით, არ წყდება რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის კონტაქტები. ყველაფერი ეს იმედს გვაძლევს, რომ ორი სულიერად ახლო ხალხის ურთიერთმიზიდულობა დაგვეხმარება შეთანხმებულად განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი და პარტნიორული ურთიერთობები,” – ნათქვამია მედვედევის მილოცვაში.  

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)