სემნები ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრას დადებით ნაბიჯად აფასებს
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები მიესალმა პირველ შეხვედრას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და მას დადებითი მოვლენა უწოდა, რომელსაც შემდგომი განვითარება სჭირდება.
”ეს არის ფაქტიურად ის, რისკენაც კონფრონტაციის დაწყებიდან მთელი ეს პერიოდი მოვუწოდებთ. ქვეყანა უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ კონტრონტაციას, პოლარიზებულ გარემოს, რომელიც არსებობს და პოლიტიკური ძალები უნდა შეიკრიბონ და სერიოზული დისკუსია გამართონ იმ თამაშის წესების შესახებ, რომელიც კონსტიტუციურ საკითხებს ეხება; ეს ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს; ეს ეხება მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასე შემდეგ,” – განუცხადა სემნებიმ ჟურნალისტებს თბილისში 9 მაისს.
”საქართველო ვეღარ გააგრძელებს ქუჩის აქციების ციკლს,” – განაცხადა მან. ”პოლიტიკური პროცესი უნდა დაიძრას მოლაპარაკებების ფორმატისკენ, პარლამენტისკენ, პოლიტიკური ინსტიტუტებისკენ”.
”ამის გასაკეთებლად, საჭიროა იყოს იმის შეგრძნება, რომ კანონები ამ ინსტიტუტებისთვის და თავად ეს ინსტიტუტები არის ლეგიტიმური, ძლიერი და რომ ისინი შექმნილია იმგვარად, რომ იყოს მდგრადი დიდი ხნის პერიოდით და სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს საქართველომ ყურადღება ამ ეტაპზე,” – განაცხადა მან.
აქციების დაწყებიდან გამართული პირველი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლებას შორის 8 მაისს უშედეგოდ დასრულდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის შესაძლო მოლაპარაკებების ფორმატის განხილვას ითხოვდნენ; ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით უარი თქვა ამ საკითხის განხილვაზე და სანაცვლოდ მათ შესთავაზა რეფორმების შინაარსობრივი განხილვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)