პუტინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს

ნატოს წვრთნები საქართველოში არის ”ნათელი სიგნალი არსებული რეჟიმის მხარდაჭერისა”, რომელიც შორსაა დემოკრატიული სტანდარტებისგან და რომელიც ახშობს საპროტესტო აქციებს, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა იაპონურ მედიასთან ინტერვიუში.

”საპროტესტო აქციებს ძალის გამოყენებით შლიან, ოპოზიციური პოლიტიკოსები დაჭრეს, რეზინის ტყვიები ესროლეს, ქუჩებში სისხლია, სულ უფრო მეტი პოლიტპატიმარია და ამბოხება შეიარაღებულ ძალებში,” – განაცხადა პუტინმა ინტერვიუში, რომლის ჩანაწერიც რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

”ამ ფონზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება განიხილებოდეს სხვანაირად, თუ არა არსებული რეჟიმის მხარდაჭერა. და რა სახის რეჟიმს უჭერენ მხარს? ვფიქრობ,  უკვე მივეცი ამას დახასიათება. რა საჭიროა ასეთი რეჟიმის მხარდაჭერა?”

”ახლა არ მაქვს საუბარი გასული წლის აგვისტოს სისხლიან მოვლენებზე, როდესაც ქართულმა რეჟიმმა საქმე ომამდე მიიყვანა სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ ჩვენი პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთ ევროპის – დემოკრატიისადმი ტრადიციული მიდგომის თვალსაზრისითაც კი, დღეს საქართველო არანაირ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. მაშინ რა საჭიროა იქ სამხედრო წვრთნების ჩატარება, რომელიც არის ნათელი სიგნალი არსებული რეჟიმის მხარდაჭერისა? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უკუსვლა. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ გრძელი გზაა, სანამ მუხრუჭები ამოქმედდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ხელმძღვანელობა კარგად ”დააჭერს პედალს” და დაამუხრუჭებს იმ უარყოფით ტენდენციებს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არსებობს, გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ეს ურთერთობები ახალი შინაარსით აავსოს,” – განაცხადა პუტინმა.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეკითხვა დაუსვეს საქართველოში ნატოს წვრთნებთან დაკავშირებით აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების განახლების ფონზე.

”სწორედ აშშ-ის ადმინისტრაცია გამოვიდა მათი განახლების ინიციატივით. ჩვენ დავთანხმდით ამას და რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ახალი პოზიტიური იმპულსი შევძინოთ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს,” – განაცხადა პუტინმა. ”რაც შეეხება ნატოს სამხედრო წვრთნებს საქართველოში, ეს არის სიგნალი სხვა მიმართულებით”.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)