პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტსა და საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ძალების ოთხ წარმომადგენელს შორის შეხვედრა ნაცვლად 14 საათისა, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში.

გავრცელებულ სატელევიზიო კადრებში ჩანდა, თუ როგორც ჩამოართვა ხელი ოპოზიციის ლიდერებს – ირაკლი ალასანიას, ლევან გაჩეჩილაძეს, სალომე ზურაბიშვილს და კახა შარტავას, რომელთაც შეხვედრის ოთახში ცოტა ხნით დალოდება მოუწიათ, მოგვიანებით შესულმა მიხეილ სააკაშვილმა. 

პირველად შსს-ის შენობასთან ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მათი მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, სასღელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი გაბაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები შეხვედრაზე მივიდნენ ახალი მემარჯვენეების ოფისში გამართული თათბირიდან, სადაც საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიები მოლაპარაკებების დეტალებს განიხილავნდნენ. 

პრეზიდენტთან შეხვედრა წინაპირობების გარეშე იმართება, როგორც ამას მხარეები საჯაროდ აცხადებენ.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე ლიდერები აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების მანდატით არ არიან აღჭურვილი და გადაწყვეტილებები საერთო ოპოზიციური განსჯის შემდეგ იქნება მიღებული, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის წინადადებები გახდება ცნობილი კრიზისის განმუხტვის თაობაზე. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამისთვის საუკეთესო გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის გადადგომაა.

დღესვე, მოგვიანებით პრეზიდენტი გეგმავს შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)