ალასანია: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მოლაპარაკებების შანსი
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მას სურს გამოიყენოს პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკების შანსი, თუმცა იქვე დასძინა, რომ ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით.
12 მაისს BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში საუბრისას მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან 11 მაისს ”რეალური შედეგების” გარეშე დასრულდა, მიაჩნია, რომ ეს არის ”ახალი დასაწყისი”.
”და მე ნამდვილად მჯერა, რომ მომდევნო შეხვედრებისას ჩვენ გვექნება შანსი და შესაძლებლობა განვიხილოთ პრეზიდენტთან, თუ რატომ მიგვაჩნია ერთადერთ გზად… ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები,” – განაცხადა მან.
მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის გადაიტანოს დისკუსია ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ ხელისუფლება ”საზოგადოების ინტერესების ადექვატური” იქნება.
ამ დროს გადაცემის წამყვანმა სტივენ საკურმა ალასანიას შეაწყვეტინა და უთხრა: ”თქვენ მე უკვე დამაბნიეთ”. წამყვანმა უთხრა ალასანიას, რომ ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებები უნდა პრეზიდენტთან, ხოლო მეორე მხრივ ამბობს, რომ პრეზიდენტი უნდა მიხვდეს, რომ ის უნდა წავიდეს. ”მაშ რის თაობაზე უნდა მოილაპარაკოთ?” – ჰკითხა გადაცემის წამყვანმა.
”პრეზიდენტი უნდა მიხვდეს, რომ არსებობს პოლიტიკური კრიზისი, რომლის მოგვარებაცაა საჭირო,” – უპასუხა ალასანიამ, ”ის იგნორირება, რომელსაც ის მოსახლეობის მიმართ იჩენს, მხოლოდ აღრმავებს კრიზისს”.
”მოლაპარაკებების პერსპექტივა არსებობს,” – განაგრძო მან და დასძინა, რომ ოპოზიციამ განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ”მაგრამ, ამავე დროს, ის, რასაც ჩვენ საპასუხოდ პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდან ვიღებთ, არის ტერორი, რომელსაც ისინი ახორციელებენ მომიტინგეების წინააღმდეგ,” 9 აპრილს აქციების დაწყების დღიდან.
წამყვანმა აქ ისევ შეაწყვეტინა ალასანიას და უთხრა, რომ მისი განცხადება, რომ ხელისუფლება მხოლოდ ტერორს სთავაზობს ოპოზიციას ”აშკარად არ არის მართალი”. შემდეგ წამყვანმა ჩამოთვალა რამოდენიმე ის შეთავაზება, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 მაისს წარმოადგინა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. მათ შორის საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები.
ალასანიამ უპასუხა, რომ 11 მაისს გამართული პირველი შეხვედრით ”საფუძველი” იქნა ჩაყრილი და ”ჩვენ უნდა შემდგომშიც ვიმუშავოთ ჩვენი პოზიციების დაახლოების მიზნით”.
თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ არსებობს ნდობის ნაკლებობა თავად მოლაპარაკებების პროცესის მიმართ წარსული გამოცდილების გამო; მას მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა წინა წლებში გამართულ მოლაპარაკებებზე ნაკისრი ვალდებულებები.
”ხელისუფლებამ უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რათა საზოგადოებას მოლაპარაკებების პროცესისადმი ნდობა გაუჩნდეს. არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ხელისუფლებას შეუძლია ოპოზიციის მონაწილეობის გარეშეც,” – განაცხადა ალასანიამ და ამ ნაბიჯებს შორის ჩამოთვალა ტელევიზიებისთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის მინიჭება და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
ალასანიამ გაიხსენა პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა გაეროში შარშან სექტემბერში, როდესაც მან განაცხადა ახალი დემოკრატიული ინიციატივების დაწყების თაობაზე, რომელიც, სააკაშვილის თქმით, ”მეორე ვარდების რევოლუციის” ტოლფასი იქნებოდა. თუმცა, ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ეს დაპირებული რეფორმები არ შეასრულა.
მისი თქმით, ქუჩის აქციების შეწყვეტა დამოკიდებული იქნება, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკების პროცესი.
”თუ წინ წავიწებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, მოთხოვნა გაუქმდება და ხალხიც წავა ქუჩებიდან. მაგრამ ამისთვის საჭიროა ხალხის ნდობა მოლაპარაკებების პროცესის მიმართ და უნდა დავინახოთ კონკრეტული შედეგები,” – განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, სააკაშვილმა საქართველო ”ერთი კაცის ქვეყნად” აქცია.
”ჩვენ ამის შეცვლა გვინდა; ჩვენ გვინდა უფრო ყოვლისმომცველი დემოკრატია; გადაწყვეტილების მიღების სისტემის ინსტიტუციონალიზაციაა საჭირო; საჭიროა ძალაუფლების დაბალანსება პარლამენტსა და მთავრობას შორის,” – განაცხადა ალასანიამ, ”ეს საკითხები დგას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან”.
”ამრიგად, სწორედ ეს არის, რისი გამოყენებაც მე მინდა და მე ნამდვილად მჯერა, რომ თუ გაგრძელდება მოლაპარაკებები, ჩვენ შევძლებთ კომპრომისის გარკვეული საფუძვლების მიღწევას,” – განაცხადა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას საზოგადოებრივი პროტესტის იგნორირების პოლიტიკაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯდომა მოლაპარაკებების მაგიდასთან ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ”ახალი რეალობაა”.
”ჩვენ ამ შესაძლებლობას სერიოზულად უნდა მივუდგეთ; ხელისუფლებამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა,” – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ თუ იქნება შესაძლებლობა პრეზიდენტთან მომდევნი შეხვედრისთვის, ოპოზიცია წავა და ”განიხილავს კონკრეტულ საკითხებს: თუ როგორ შეიცვალოს სასამართლო სისტემა; როგორ გახდეს საარჩევნო კოდექსი უფრო ადექვატური სიტუაციის მიმართ; როგორ დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისია… ჩვენ უნდა ვისაუბროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ”.
მან აღიარა, რომ არსებობს ”უთანხმოებები” სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის ტაქტიკაზე, თუმცა განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს ”უთანხმოებას მიზნებში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)