ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ქუჩას გახსნის
კოსტავას ქუჩიდან 13 მაისს ოპოზიცია საკნების აღებას გეგმავს, განაცხადეს პოლიტიკოსებმა ალიანსი საქართველოდან.
ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ქუჩის გახსნას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ოპოზიციის ”კონსტრუქციულობის” ნიშნად.
”ეს ნაბიჯი იქნება ჩვენი კეთილი ნების ნიშანი იმის საჩვენებლად, რომ ოპოზიცია მზად არის კონსტრუქციულად წარმართოს პროცესები,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ოპოზიციას 14 აპრილიდან აქვს გადაკეტილი კოსტავას ქუჩა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ.
13 მაისს ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, რომ საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან განახლდება.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ კოსტავას ქუჩის გადაკეტვა უფრო მეტ დისკომფორტს უქმნიდა მოსახლეობას, ვიდრე ხელისუფლებას.
იმავდროულად, ოპოზიციის მეორე ნაწილი ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით 14 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირებას გეგმავს.
”ნინო ბურჯანაძე ”სირცხვილის კორიდორს” მოაწყობს და სხვები გზას გახსნიან; ეს სავსებით ბუნებრივია და ამაში წინააღმდეგობა არ არსებობს,” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ქუჩის გახსნის ან გადაკეტვის საკითხს ”ფუნდამენტური მნიშვნელობა” არ აქვს. ხოლო საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ერთობლივად მიიღებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)