რუსეთი უარყოფს საბერძნეთის წინადადებას ეუთოს დამკვირვებლებზე
რუსეთმა ჩააგდო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის წინადადება ორგანიზაციის დამკვირვებლების საქართველოში დატოვების თაობაზე, რომელთაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფალი გადაადგილების უფლება ექნებოდათ.
წინადადების თანახმად, რომელშიც არ იყო ნახსენები არც საქართველო და არც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი ამ უკანასკნელის სტატუსის მოხსენიების თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციული საზღვის ქართულ მხარეს მდებარე სოფელ კარალეთში უნდა განლაგებულიყო ეუთოს 22 დამკვირვებელი, ხოლო ცხინვალში – 8 დამკვირვებელი, რომელთაც ექნებოდათ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის უფლება. ”როიტერის” ცნობით, რუსულ ვერსიაში ამოიშალა მითითება ”თავისუფალი და შეუფერხებელი კონტაქტის და გადაადგილების” თაობაზე.
Associated Press-ი იტყობინება, რომ რუსეთის მიერ შესწორებული ვერსიის თანახმად, დამკვირვებლების სეპარატისტულ რეგიონში გადაადგილებაზე დე ფაქტო ხელისუფლების თანხმობა იყო საჭირო. ბერძნული გეგმის თანახმად, ერთი ოფიცერი გააკონტროლებდა დამკვირვებლებს, რუსული წინადადების მიხედვით, კი ორი ოფიცერი იყო ამისთვის გათვალისწინებული. რუსული გეგმის თანახმად, ცხინვალში სამოქალაქო დამკვირვებლები უნდა შესულიყვნენ და არა სამხედრო.
რუსეთის ელჩმა ეუთოში ანვარ აზიმოვმა განუცხადა ”იტარ-ტასს”, რომ საბერძნების ინიციატივა არ ითვალისწინებს ახალ რეალობებს, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
საქართველოს ელჩმა ეუთოში პაატა გაფრინდაშვილმა განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს 13 მაისს, რომ ”რუსეთმა კვლავ იზოლაციაში მოაქცია საკუთარი თავი, მაშინ როდესაც ეუთოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობა საბერძნეთის ინიციატივის მომხრეა”.
”როიტერი” იტყობინება ეუთოს დიპლომატებზე დაყრდნობით, რომ ორგანიზაციის ყველა წევრმა სახელმწიფომ მოიწონა საბერძნეთის ინიციატივა გარდა ყაზახეთისა და ბელარუსისა, რომელთაც თავი შეიკავეს, თუმცა წინააღმდეგობაც არ გამოუხატავთ.
საქართველოს ელჩმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ”სრული ფიასკო განიცადა მისი არამოქნილი დიპლომატიის გამო”. ”ეს გადაწყვეტილება დამოკლეს მახვილივით დაეკიდება რუსეთის თავზე,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამგვარი ქმედებით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით აღებულ საკუთარ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იან კელიმ განაცხადა 13 მაისს, რომ ეუთოს დამკვირვებლებს უნდა შეეძლოთ სამხრეთ ოსეთში შესვლა.
”მოვუწოდებთ რუსებს შეასრულონ… ბატონ სარკოზს და ბატონ მედვედევს შორის მიღწეული შეთანხმება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთმა უნდა მისცეს საშუალება ეუთოს დამკვირვებლებს შევიდნენ სამხრეთ ოსეთში და მის მიმდებარე რეგიონში,” – განაცხადა მან, ”ჩვენი მიზანი და საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანი არის მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასია. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია სრული გამჭირვალობის გზით. და რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეუთოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამჭირვალობის მისაღწევად”.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა განაცხადა 23 მარტს, რომ ყველა მხარემ ”მოქნილობა” უნდა გამოიჩინოს რეგიონში ეუთოს დარჩენის თაობაზე კონსენსუსის მისაღწევად.
”ერთადერთი გზა ამის მისაღწევად არის დებატების დეპოლიტიზირება და ეუთოს დარჩენის პრაქტიკულ საჭიროებაზე ფოკუსირება… ყველა მხარის მოქნილობა იქნება მთავარი სიტყვა,” – განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ მოხერხდა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებული 20 უიარაღო ეუთოს დამკვირვებლის მანდატის 30 ივნისამდე გაგრძელება, ეუთოს მისია საქართველოში დახურვის სტადიაში იმყოფება მას შემდეგ, რაც რუსეთმა დეკემბერში მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო. მოსკოვი ცალკე მისიას ითხოვს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისთვის, რომელიც თბილისის მისიისგან დამოუკიდებელი იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)