ბურჯანაძე: ”მე ვარ ადექვატური და არა რადიკალური”
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კატეგორიულად უარყო ის მოსაზრება, რომ იგი რადიკალურ ოპოზიციურ ფიგურას წარმოადგენს.
”ჩემი განცხადებები არ არის რადიკალური; ჩემი განცხადებები არის ადექვატური,” – განაცხადა მან 13 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში.
”მე რადიკალური ვიქნებოდი, რომ მომეწოდებინა სააკაშვილის ჩამოხრჩობა,” – დასძინა მან.
მოგვიანებით ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში გაკეთებულ განცხადებაში ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია რადიკალური იქნებოდა ხელისუფლება თავისი კაბინეტებიდან ”კინწის კვრით რომ გამოეგდო”.
მანამდე 13 მაისს ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ პრეზიდენტთან მოლაპარაკებები რაიმე შედეგს მოიტანს და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ”უფრო აქტიური ქმედებებია” საჭირო ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლის განსახორციელებლად.
თუმცა, ზოგიერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა. ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია სწორედ ამგვარ მიდგომას უჭერს მხარს. 12 მაისს BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში საუბრისას მან განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ”თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება, ჩვენ მივაღწევთ გარკვეულ საფუძველს კომპრომისისთვის”.
”თუ ვინმე – იქნება ეს ბატონი ალასანია თუ სხვა – მოახერხებს, რომ დაარწმუნოს სააკაშვილი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ გადადგეს, მე ვიქნები პირველი, ვინც მიესალმება ამ პიროვნებას,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ოპოზიციის ლიდერები აღიარებენ გარკვეულ უთანხმოებას ტაქტიკაზე, თუმცა ისინი ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ, აცხადებენ რა, რომ ისინი ერთიანი არიან მთავარ საკითხზე – პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის აუცილებლობაზე. ირაკლი ალასანიამ ასევე განაცხადა 13 მაისს, რომ არავის უთქვამს უარი მოთხოვნაზე ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)