საბერძნეთის შეთავაზება ეუთოს მონიტორებზე კვლავ ძალაშია
მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ეუთოს მისიის საქართველოში დარჩენის შესახებ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის ინიციატივასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეჩერდა, ”ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მაინც შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას მალე,” – განაცხადა საბერძნეთის ელჩმა ორგანიზაციაში მარა მარინაკიმ 14 მაისს.
მან განაცხადა, რომ ინიციატივა, რომელიც ”ეფუძნება ნეიტრალური სტატუსის ფორმულას”, კვლავაც მოლაპარაკებათა ”მაგიდაზე დევს,” მაგრამ, მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დროებით შეჩერდა.
რუსეთმა არ მიიღო საბერძნეთის ინიციატივა, განაცხადა რა, რომ ის არ ითვალისწინებს ახალ რეალობებს, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკავშირდება.
”ინტენსიური არაფორმალური მოლაპარაკებებიდან ხუთი თვის შემდეგ, ახლა დროა შევაფასოთ თუ რას მივაღწიეთ,” – განაცხადა მარინაკიმ. ”საჭიროა, რომ გადავხედოთ ჩვენი მცდელობების შედეგებს, რათა მივაღწიოთ სასურველ კონსენსუსს… ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ უფრო მეტი, და არა ნაკლები ეუთოს წარმომადგენლობა გვჭირდება რეგიონში. მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს გამოავლინონ ძლიერი პოლიტიკური ნება ამ კუთხით”.
მიუხედავად იმისა, რომ მოხერხდა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებული 20 შეუიარაღებელი ეუთოს დამკვირვებლის მანდატის 30 ივნისამდე გაგრძელება, თავად ეუთოს მისია საქართველოში დახურვის რეჟიმში იმყოფება მას შემდეგ, რაც რუსეთმა დეკემბერში მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო. მოსკოვი ცალკე მისიას ითხოვს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისთვის, რომელიც თბილისის მისიისგან დამოუკიდებელი იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)