ჩვენი ერთიანობა არავის არ გავატეხინოთ – მიმართა ალასანიამ აქციის მონაწილეებს

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს მოუწოდა, რომ არ აყვნენ ”ჭორებს” და ”ერთიანობა არავის არ” გაატეხინონ.

თავის უჩვეულოდ ემოციურ გამოსვლაში ალასანიამ განაცხადა, რომ დადის ”ჭორები” თითქოს ”ვიღაცეები” აპირებენ გარიგებაზე წასვლას ხელისუფლებასთან. მისი თქმით, არცერთი გადაწყვეტილება არ არის დამალული ხალხისგან, რომლისაგანც ”გვაქვს ეს ძლიერება, რითიც მივდივართ და ველაპარაკებით საერთაშორისო თანამეგობრობასაც, ხელისუფლებასაც”.

”ნუ შეგვეშინდება თამამი და გაბედული გადაწყვეტილებების, ნუ შეგვეშინდება იმის თუ რა ნაბიჯს გადავდგამთ, როგორ გააშუქებს ამას ტელევიზია. ჩვენ ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ მივდივართ იმიტომ, რომ ხელისუფლება შევცვალოთ მშვიდობიანად. ყველა ნაბიჯი მაქეთკენ არის მიმართული და არავითარ შემთხვევაში არ დავუგდოთ ყური არცერთ ჭორს და არცერთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გარეშე თქვენამდე მოდის,”- განაცხადა მან.

მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ოპოზიციაში არის განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ”მიზანი გვაქვს საერთო, ამიტომ ერთად ვიაროთ ამ მიზნისკენ”. 

”რა თქმა უნდა, გვაქვს განსხვავებული აზრი. რა ყველას ერთი აზრი გაქვთ ყველაფერზე? ღმერთმა დაიფაროს საქართველოში რომ ეს დრო დადგეს,”- განაგრძო მან, ”ვემსახურებით არა მარტო პიროვნებების შეცვლას, არამედ თვითონ ხელისუფლების შინაარსის შეცვლას. ყველა ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს ნაკარნახევი ჭკუით და არა მხოლოდ ემოციებით. ამიტომ თქვენც მაგას მოგიწოდებთ, რომ ჩვენ ერთობლივად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ამ მიზნამდე მიგვიყვანს გააზრებული ნაბიჯით და ყველა კონკრეტულ მოთხოვნას შესრულების ვადებს დავუწესებთ”.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიაჩნია სწორად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ კოსტავას გამზირი საკნებისგან გათავისუფლეს და საავტომობილო მოძრაობა გაიხსნას. ამის გაკეთებას ოპოზიცია დღეს აპირებდა, თუმცა მომიტინგეების პროტესტის გამო დროებით გადაიფიქრა. საკნების კოსტავას გამზირიდან ტელევიზიის შესასვლელთან გადატანის გეგმები ზოგიერთმა აქციის მონაწილემ შეაფასა, როგორც უკანდახევა ოპოზიციის მხრიდან.

”არავინ არ უნდა აღშფოთდეს, რომ საკანი სადღაც მოაკლდება და სადღაც გადავა. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და თქვენ ამ გადაწყვეტილებას უნდა სცეთ პატივი,”- მიმართა მან მომიტინგეებს.

ალასანიას გამოსვლამდე, აქციების დაწყებიდან 37-ე დღეს მომიტინგეებს საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და მოუწოდა არ დაუჯერონ ”ჭორებს”, რომ ალასანია ”არის აგენტი ჩვენს [ოპოზიციას] შორის”.

”[ალასანიას] ჯერ კიდევ არ სჯერა რამდენად ნაძირლები არიან ესენი,”- განაცხადა ზურაბიშვილმა, ”ირაკლი ალასანია თუ ვინმესთან არის შეკრული დღეს, არის შეკრული თქვენთან და ჩვენთან, ყველასთან და ხვალ თუ ჩამოვა ირაკლი ოქრუაშვილი, ისიც იქნება ჩვენთან შეკრული”.

რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანია ხელისუფლების შეცვლის გეგმებში

”აზრი გვაქვს სხვადასხვა, მაგრამ გადაწყვეტილებები გვაქვს ერთი,”- განაცხადა მან მიტინგზე გამოსვლისას, ”მაგრამ, ბუნებრივია, როცა ხელისუფლება შეიცვლება ზოგი ჩვენთაგანი ერთმანეთის პარტნიორი და ზოგიც ერთმანეთის კონკურენტი იქნება. თქვენ გექნებათ არჩევანი გასაკეთებელი ვის ანდოთ ხელისუფლება საქართველოში და ვის ღირსეული ოპოზიციონერობა”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)