აშშ საპროტესტო აქციებზე მთავრობის ”მოზომილ პასუხს” მიესალმება
საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან 14 მაისს გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ”ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,” იტყობინება თეთრი სახლი.
”ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს მთავრობის მოზომილ პასუხს ოპოზიციის მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მცდელობას, გამართოს მოლაპარაკება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან,” – ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-რელიზში. ”მან [ვიცე-პრეზიდენტმა] მოუწოდა საქართველოს მთავრობას, განაგრძოს ოპოზიციასთან დიალოგი”.
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ”გამოხატა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს კანონიერი, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.
თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა ”ხაზი გაუსვა, თუ რა მნიშვნელოვანია საქართველოსა და რუსეთის თავშეკავებულობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სტაბილურობის მისაღწევად”.
”მან დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა, გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებელთა განთავსებას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად,” – განაცხადა თეთრმა სახლმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)