სააკაშვილი: ”სირცხვილი ევროვიზიას!”
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროვიზიის ორგანიზატორებმა სიმღერის კონკურსზე მოსკოვში ქართველი მომღერლები ”პოლიტიკური მოტივით” არ დაუშვეს.
”ევროვიზიაზე არ დაუშვეს ქართველი მომღერლები აბსოლუტურად მოგონილი პოლიტიკური მოტივით და ეს არის სირცხვილი ევროვიზიის ორგანიზატორებისთვის,” – განუცხადა სააკაშვილმა ქართველი ჟურნალისტების ჯგუფს, რომელიც მას ახლავს იორდანიაში, სადაც იგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.
საქართველომ უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე მას შემდეგ, რაც კონკურსის ორგანიზატორმა, ევროპის სამაუწყებლო კავშირმა, უთხრა საქართველოს შეეცვალა სიმღერის We Don’t Wanna Put In ტექსტი.
იმავდროულად, საქართველო ევროვიზიის ალტერნატივის სახით თბილისში მუსიკალურ ფესტივალს”ალტერვიზიას” ატარებს. ფესტივალი, რომელშიც ათი ქვეყნიდან ოცი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას, პარასკევს საღამოს გაიხსნება. ორგანიზატორთა თქმით, თავდაპირველად ფესტივალი ივნისში იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ იგი ევროვიზიის პარალელურად გადმოიტანეს.
”მე მინდა განსაკუთრებული კმაყოფილებით ავღნიშნო, რომ საუკეთესო ევროპული ჯგუფები სოლიდარობის ნიშნად ჩამოვიდნენ თბილისში და საქართველოს თავისუფლების მხარდასაჭერად, შემოქმედებითი თავისუფლების მხარდასაჭერად და მათ შორის ევროვიზიაზე არდაშვებული ჩვენი მომღერლების მხარდასაჭერად აკეთებენ ძალიან მაღალი ხარისხის, მართლა ევროპული დონის ფესტივალს თბილისში. ეს, ვფიქრობ, ნათელი დადასტურებაა იმისა, რამხელა სოლიდარობა აქვს საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით,” – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)