აშშ წუხს, რომ ვერ მოხერხდა საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის ძალიან წუხს იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნების წინადადებაზე საქართველოში ორგანიზაციის მისიის დარჩენასთან დაკავშირებით.

”რამოდენიმე თვის მანძილზე ბერძენი თავმჯდომარე დაუღლელად სთავაზობდა კომპრომისულ წინადადებას, რაც სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ან სამართლებრივი სტატუსის გამოცხადებას აგვაცილებდა თავიდან,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 მაისს გაკეთებულ განცხადებაში.

”სამწუხაროდ, რუსეთმა დაჟინებით მოითხოვა ისეთი სადამკვირვებლო ოპერაცია, რომელიც რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ასახავდა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს დელეგაციის კონსტრუქციულ მიდგომას და იმედგაცრუებულნი ვართ, რომ რუსეთმა ვერ მიიღო თავმჯდომარე ქვეყნის კონსტრუქციული, ნეიტრალური სტატუსის მქონე მოგვარება,” – განაცხადა დეპარტამენტმა.

აშშ-მ ასევე განაცხადა, რომ მონიტორინგის მისიის არსებობა საქართველოში ”აუცილებელია” და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ”საბოლოო ჯამში მიიღებს საბერძნეთის გონივრულ და დაბალანსებულ წინადადებას”.

განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის ”განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)