სემნები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები 17 მაისს ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი განიხილა.
მიუხედავად იმისა, რომ შუამავლის ოფიციალური როლი არ აკისრია, 9 აპრილის საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ სემნები ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების სერიას აწარმოებს.
ევროპელ დიპლომატთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ და საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას ნამდვილი დიალოგისთვის მზადყოფნის საჩვენებლად.
დავით უსუფაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 11 მაისს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაყენებული წინადადებები არის ანალოგიური იმ წინადადებებისა, რომელიც ხელისუფლებამ სექტემბერში გაახმოვანა ”დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის” ფარგლებში.
”პრეზიდენტის [11 მაისის] წინადადებებში ახალი არაფერია; სააკაშვილი უკვე რვა თვეა ამ რეფორმებზე საუბრობს, მაგრამ არაფერი გაკეთებულა [მათ განსახორციელებლად]; ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ წინადადებებს კრიზისის მოგვარების სერიოზულ ნაბიჯად ვერ განვიხილავთ,” – განაცხადა უსუფაშვილმა.
ნინო ბურჯანაძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ: ”ვერ ვხედავ პრეზიდენტთან დიალოგის გაგრძელების საფუძველს, რადგანაც ამ დიალოგის უკან ვერაფერს ვერ ვხედავ, გარდა ხელისუფლების მცდელობისა მოკლას პროტესტის მუხტი”.
17 მაისს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ასევე შეხვდა დეპუტატს საპარლამენტო უმცირესობიდან და პარლამენტის ვიცე-სპიკერს პაატა დავითაიას.
დღეს დაგეგმილია პიტერ სემნების შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)