ზურაბიშვილი ბრიუსელში სოლანას შეხვდება

ხავიერ სოლანა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი დღეს შეხვედრას გამართავს ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერთან სალომე ზურაბიშვილთან, იტყობინება სოლანას პრესსამსახური.

ბრიუსელში გამგზავრებამდე სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, განაცხადა, რომ ის პირადად გააცნობს უმაღლეს კომისარს ერთი კვირის წინ ოპოზიციის წარმომადგენლების პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შეფასებას.

”საჭირო არის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც ვიცნობ, გაიგონ თუ რა საფრთხის ქვეშ არის უკვე საქართველო,”- განაცხადა მან.

9 აპრილის საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები რეგულარულად სტუმრობს საქართველოს და მიუხედავად იმისა, რომ შუამავლის ოფიციალური როლი არ აკისრია, ის ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების სერიას აწარმოებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)