ოპოზიცია ’საპასუხო წინადადებებს’ წარადგენს

დავით ბერძენიშვილმა, ალიანსი საქართველოდან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ თითქმის დაასრულა მუშაობა წინადადებებზე, რომელსაც ხელისუფლებას წარუდგენს საპასუხოდ იმ შეთავაზებებისა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 მაისს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა.

”რამოდენიმე დეტალი შესათანხმებელი რჩება,”- განუცხადა ბერძენიშვილმა Civil.ge-ის 18 მაისს.

მისი თქმით, საპასუხო დოკუმენტში შესული იქნება კონკრეტული წინადადებები ”კონკრეტული ვადებით”. თუმცა მან მათ შინაარსზე საუბრისგან თავი შეიკავა.

იმავდროულად, საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ ”რეზონანსში” 18 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ არსებული კრიზისიდან გამოსვლის ორი ვარიანტია: ”ან მიშა უნდა წავიდეს და მერე დანიშნოს, რაც გვინდა [ვადამდელი არჩევნები], ან მიშამ უნდა მოიშოროს ის კლანები, რომელიც სინამდვილეში გარანტია, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება. მეორე შემთხვევაში ის ხსნის გზას ნორმალური არჩევნებისთვის, რაღაც ფორმით იხანგრძლივებს თავის ვადას და გვიმტკიცებს, რომ ის ძველი მიშა აღარაა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)