რუსულმა დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები დატოვა

რუსეთმა გადაწყვიტა ”პაუზა აიღოს” და შეწყვიტოს ჟენევის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდში მონაწილეობა სამშაბათამდე, სანამ გაირკვევა აფხაზეთის პოზიცია შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იტყობინება ”რია ნოვოსტი” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მეხუთე რაუნდი ჟენევაში 18 მაისს დაიწყო საქართველოს, რუსეთის და აშშ-ს წარმომადგენლების და ასევე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. აფხაზურმა მხარემ გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამის მიზეზად აფხაზურმა მხარემ დაასახელა აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების დაგვიანება. ეს მოხსენება თავდაპირველად 15 მაისს უნდა გამოქვეყნებულიყო. 

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა გასულ კვირას, რომ სოხუმის სურვილია, რომ მოხსენება ჟენევის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის დაწყებამდე გამოქვეყნდეს, რადგანაც დოკუმენტის ფორმულირება განსაზღვრავდა აფხაზური მხარის პოზიციას ჟენევის განხილვებში მის მონაწილეობაზე. სოხუმი წინააღმდეგი იყო ფორმულირების ”აფხაზეთი, საქართველო”, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ მოხსენებაში იყო გამოყენებული. სოხუმის თქმით, გაერომ აღარ უნდა გამოიყენოს ამგვარი ფორმულირება, რადგან ორმა მისმა წევრმა სახელმწიფომ – რუსეთმა და ნიკარაგუამ – აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

”ჩვენ შევთავაზეთ – და სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა ამგვარ მიდგომას – რომ პაუზა გავაკეთოთ ხვალამდე იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება დღეს ღამით გახდება ხელმისაწვდომი, როგორც ჩვენი კოლეგები დაგვპირდნენ გაეროდან,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რუსული დელეგაციის მიერ მოლაპარაკებების დატოვების შემდეგ გამოქვეყნდა, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს: ”თანათავმჯდომარეები მუშაობენ, რათა განახლდეს მოლაპარაკებები ხვალ დილიდან, 19 მაისიდან, როგორც დაგეგმილი იყო და მოვუწოდოთ ყველა მონაწილეს დაესწროს”.

”თანათავმჯდომარეები ძლიერ წუხილს გამოთქვამენ რუსეთის წარმომადგენლების მიერ ჟენევის განხილვების მეხუთე რაუნდის დატოვების გამო მას შემდეგ, რაც აფხაზეთის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს არ დასწრებოდნენ შეხვედრას და მას შემდეგ, რაც განხილვები სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმაც დატოვეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)