ვაშაძე: რუსეთს გაეროს მისიის მოკვლა სურს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის თაობაზე გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში ”არის პოზიტიური მომენტები და არის მომენტები, რომელიც ნათელია რუსეთის წნეხის გამო არის შეტანილი.”
ბოლო მოხსენების ტექტი ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. რუსული წყაროების ცნობით, დოკუმენტის სახელი აღარ შეიცავს სიტყვებს ”აფხაზეთი, საქართველო” და მისი სახელწოდებაა ”გენერალური მდივნის მოხსენება, წარმოდგენილი უშიშროების საბჭოს 1808-ე, 1839-ე და 1866-ე რეზოლუციების შესაბამისად”.
”როიტერი” იტყობინება, რომ ტექსტში ნახსენებია გაეროს მისიის ოფიციალური სახელი – ”გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში,” თუმცა სხვა მხრივ არანაირი ისეთი ფორმულირება არ არის, რომელიც აფხაზეთის სტატუსზე მიანიშნებდა.
გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა ჟურნალისტებს 19 მაისს, რომ დოკუმენტის სათაურის ფორმულირება არის გაეროს ”კომპრომისული” ფორმულირება.
”მე არ ვარ ძალიან კმაყოფილი ამ კომპრომისით, მაგრამ ეს კომპრომისი ვერ იქნება მოსკოვის კმაყოფილების წყარო,” – განაცხადა ვაშაძემ.
”საქართველო არასდროს მისცემს რუსეთს უფლებას მოახდინოს ორი ვირტუალური ბანტუსტანის ლეგიტიმაცია, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე შექმნა,” – განაცხადა მან.
”რუსეთის მიზანიც აბსოლუტურად ნათელი არის: მოკლას გაეროს ყოფნა საქართველოში ზუსტად ისე, როგორც მან გააკეთა ეს ეუთოსთან მიმართებაში. რუსეთს არ სჭირდება მოწმეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არ სჭირდება საერთაშორიოს ორგანიზაციების ყოფნა საქართველოში და არ სჭირდება ის ობიექტური მონიტორები, რომლებიც დააფიქსირებენ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულს საერთაშორისო სამართლის და ყველა დადებული ხელშეკრულების წინაშე,” – დასძინა მან.
ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე კვლავ სწავლობს გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენებას და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს დეტალურ კომენტარებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეუთოს მისიის დაბლოკვის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ანალოგიური მცდელობები გაეროს მისიის დასაბლოკად.
”ტაქტიკა აქაც იგივეა: რუსული ხედვით მისიის ფორმატი ან უნდა ასახავდეს ოკუპაციის შედეგად შექმნილ ე.წ. რეალობას, ან უნდა მოხდეს მისი დაბლოკვა,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”ბუნებრივია, რომ მთავარი ბრძოლა, დიპლომატიური ბრძოლა იქნება არა ამ ეტაპზე და არა გენერალური მდივნის დოკუმენტის განხილვის დროს, არამედ ცოტა მოგვიანებით, როდესაც უშიშროების საბჭოში დაიწყება კონკრეტული რეზოლუციის პროექტის განხილვა და მე მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ქართული მხარე არასდროს არ დაეთახმება არც ერთ დოკუმენტს, არც ერთ ფორმატს, რომელიც მოახდენს რუსული ოკუპაციის შედეგად მიღებული რეალობის დაკანონებას სამართლებრივ და საერთაშორისო დონეზე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)