ბურჯანაძე აპირებს სააკაშვილს უჩივლოს

”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 19 მაისს განაცხადა, რომ აპირებს სასამართლოში უჩივლოს პრეზიდენტ სააკაშვილს ”ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის” გამო.

”ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე [11 მაისს], სააკაშვილი არ მოერიდა  გაეხმოვანებინა სრულიად აბსურდული ბრალდება, რომ მე, ნინო ბურჯანაძე, რუსეთის ინტერესების გამტარებელი, რუსეთისგან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერი ვარ. აღნიშნული ფაქტის შესახებ საზოგადოებამ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან შეიტყო. ქალბატონმა სალომემ სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუებში საჯაროდ გაახმოვანა პრეზიდენტის ბრალდება ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის რუსეთიდან დაფინანსების  შესახებ,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

”აღნიშნული ცილისწამების გამო, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მზადდება სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში სასამართლოში შევიტან. პრეზიდენტს მოუწევს ან დაამტკიცოს ბრალდება, ან პასუხი აგოს ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის,” – დასძინა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმედი არ აქვს, რომ საქმეს მოიგებს საქართველოს სასამართლოში, თუმცა აღნიშნა, რომ ის ბოლომდე მიჰყვება სარჩელს და სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)