კუკავა მომავალ ტაქტიკაზე გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს
კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა 26 მაისამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ტაქტიკაზე და გადაწყვიტონ, თუ როგორ გააგრძელონ საპროტესტო აქციები.
26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას ანუ ე.წ. ”სახალხო აღლუმს” გეგმავს. ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა დაგეგმილ აქციას ”ახალი 9 აპრილი” უწოდა, როდესაც ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში საპროტესტო აქციების პირველ დღეს. 20 მაისს ოპოზიციის ლიდერებმა რეგიონებში დაიწყეს კამპანიის განხორციელება ”სახალხო აღლუმის” ჩატარებამდე. მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე ”საპროტესტო კონცერტების” გამართვას გეგმავს ბათუმში და ქუთაისში, საიდანაც შემდეგ თბილისისკენ გამოემართება მხარდამჭერებთან ერთად და 26 მაისს ”სახალხო აღლუმს” შეუერთდება.
”26 მაისი იქნება დღე, როდესაც სააკაშვილს მოუწევს იმის აღიარება, რომ ეს არ არის მხოლოდ ვერის და ვაკის პროტესტი, არამედ მთელი საქართველოს პროეტსტი,” – განაცხადა კახა კუკავამ რადიო ”უცნობში” საუბრისას 19 მაისს.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ იმ დროისთვის ოპოზიციამ ნათლად უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ როგორ აპირებს აქციების გაგრძელებას – ”პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს გამოიყენებს” თუ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ დიალოგის პროცესში ჩაერთვება. მისი თქმით, გაურკვევლობა ამ პროცესთან დაკავშირებით ”სახიფათოა” და საპროტესტო მუხტის გაქრობის საფრთხეს ქმნის.
”საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებული შეხედულებებია,” – განაცხადა კუკავამ და დასძინა, რომ რამოდენიმე ოპოზიციური პარტია პროტესტის უფრო რადიკალური ფორმების გამოყენების მომხრეა, მათ შორის მაგისტრალების ჩაკეტვის, ხოლო სხვები, შედარებით ”ზომიერები” ხელისუფლებასთან დიალოგისკენ იხრებიან.
”მე მომხრე ვარ პროტესტის რადიკალური ფორმების, რადგანაც მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა დიქტატურასთან საბრძოლველად,” – განაცხადა კუკავამ, ”მაგისტრალების ჩაკეტვა არ არის კანონის დარღვევა და არსად არ წერია, რომ ეს არის დარღვევა”.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოზიციის სასარგებლოდ გადაიხრება გადაწყვეტილება, კონსერვატიული პარტია მაინც გაყვება ერთობლივ გადაწყვეტილებას და ოპოზიციის ერთობას საფრთხეს არ შეუქმნის.
”რა თქმა უნდა, მაგისტრალების ჩაკეტვა პროტესტის ცივილიზებული ფორმა არ არის, მაგრამ ჩვენ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულის მსგავს კომისიებში მუშაობის უარყოფითი გამოცდილება გვაქვს,” – განაცხადა მან. მას მხედველობაში ჰქონდა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემოთავაზება.
ამ შემოთავაზებაზე საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს, თუმცა ეს თემა აიტაცა საპარლამენეტო უმცირესობამ, რომელიც ამჟამად კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე მსჯელობს.
კუკავამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის წინადადებები იყო ”აბსოლუტურად მიუღებელი და არაადექვატური”. ”ამ შეხედულებას ე.წ. ზომიერებიც იზიარებენ,” – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ 18 მაისს გაკეთებული ერთობლივი განცხადება, რომელიც პრეზიდენტის წინადადებების საპასუხოდ გაკეთდა, არის ოპოზიციის შიგნით არსებული ორი პოზიციის კომბინაცია, რადგანაც ის შეიცავს როგორც რადიკალურ, ისე შედარებით ზომიერ მოთხოვნებს, მათ შორის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების, ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის გადადგომას.
”დიახ, ეხლა მე რადიკალი ვარ, მაგრამ სიამოვნებით გავხდები ზომიერი, თუ ხელისუფლება დაიწყებს ამ წინადადებების განხორციელებას,” – განაცხადა კუკავამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)