ბურჯანაძე დიპლომატებს პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს გააკეთონ კომენტარი მუხროვანის ამბოხში ეჭვმიტანილი კობა ოთანაძის ნათესავების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით.
”მე მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, დიდი პატივისცემით მივმართავ ჩვენ მეგობრებს დასავლეთში, მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც საქართველოშია აკრედიტებული, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა თქვენს სიტყვას, ჩვენ პატივს ვცემთ და მოვისმინეთ ის სიტყვები, რომ თურმე უკანონოა ის, რომ დროდადრო ქუჩებია გადაკეტილი და ხალხი წუხდება. ახლა გვაინტერესებს პატივცემულო მეგობრებო, მე ამას სრული სერიოზულობით და დიდი პატივისცემით ვამბობ, როგორია თქვენი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ დააპატიმრეს ოთანაძის ოჯახის წევრები მარტო იმიტომ, რომ ეს ადამიანები მისი ოჯახის წევრები იყვნენ,”- განაცხადა მან პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.
”შეიძლება მოწმე 21 საათი დააკავო? რომელ ქვეყანაში შეიძლება ეს მოხდეს და მე მაინტერესებს რომელი ჩვენი მეგობარი გვეტყვის, რომ ეს უნდა მოვითმინოთ. მე მინდა ვთქვა, რომელი ქვეყანაც, რომელი ელჩიც, რომელი ჩვენი მეგობარიც გვეტყვის, რომ ეს მოითმინეთო, ე.ი. ის ჩვენი მეგობარი არ არის, ე.ი. ის გვითვლის, რომ ჩვენ ვართ მესამე ხარისხოვანი ადამიანები,” – განაგრძო მან, ”მე იმედი მაქვს, რომ იმ ქვეყნებსა და იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ჩვენ მეგობრებად, ჩვენს პარტნიორებად ვთვლით, არ აღმოჩნდებიან ასეთები, რომლებიც პრაქტიკულად გვეტყვიან, რომ თქვენ არა ხართ დემოკრატიის ღირსი, თქვენ არა ხართ ევროპული დემოკრატიული ფასეულობების ღირსი”.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ”დასავლური სიტყვებით” მეტყველებს, თუმცა საპირისპიროს აკეთებს, რადგან ”სინამდვილეში ყველა ფასეულობა დარღვეულია”.
”ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმ ფასეულობებისთვის რაც სწორია, რაც ნორმალურ ქვეყნებში მიღებულია, რაც ღირსეულ ერს აყალიბებს, მაგრამ ამაში ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა და დახმარება გვჭირდება. თუ დაგვეხმარებიან, დიდი მადლობა, თუ არ დაგვეხმარებიან, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა გუშინ პოლიციის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე მუხროვანის ამბოხში ეჭვმიტანილების მიმართ და განაცხადა, რომ მომხრეა ყველა დამნაშავე დაისაჯოს, თუ ”სამართლიანი გამოძიება” მათ ბრალეულობას დაადგენს.
”მაგრამ სანამ ადამიანის ბრალეულობა დასაბუთებული არ არის, როგორ სდებ ბრალს ქვეყანაში ყველაზე მძიმე დანაშაულში, სამშობლოს ღალატში, სამხედრო ამბოხში, როდესაც მთელი მსოფლიო პრესა დიდ კითხვის ნიშანს უსვამს ამ ამბოხის საერთოდ არსებობას,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ნაწილობრივ გაამართლა ”ხმები იმის თაობაზე, რომ იყო ბრძანება არა ძებნილების აყვანაზე, არამედ ფიზიკურ ლიკვიდაციაზე”.
20 მაისს, ღამით მომხდარი პოლიციის ოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)