ბაქრაძე მზადაა შეხვდეს აქციების ორგანიზატორ ოპოზიციონერებს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მზადაა ორშაბათს, 25 მაისს შეხვდეს საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილოს მათ მიერ წარდგენილი ”დამატებითი საკითხები”.

მან ასევე განაცხადა, რომ ასევე ორშაბათს გეგმავს შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხებზე.

”მზად ვარ, სურვილის შემთხვევაში, ასევე ორშაბათს შედგეს შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რათა მათთან ერთადაც კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ როგორც საკონსტიტუციო კომისიაზე, ასევე მთლიანად ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ 5-პუნქტიან გეგმაზე და იმ დამატებით საკითხებზე, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით შესაძლოა იყოს განხილული დიალოგის პროცესში,”- განაცხადა ბაქრაძემ.

18 მაისს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა პარტიებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც წერილობით ჩამოაყალიბეს ხელისუფლების წინადადებების საპასუხო მოთხოვნები, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად კონკრეტულ საკადრო ცვლილებებსაც ითვალისწინებს.

მათ განცხადებაში ასევე აღნიშნეს, რომ ამ წინადადებების ”26 მაისამდე ხორცშესხმის შემთხვევაში, შესაძლებელია დაიწყოს ეროვნული თანხმობის მიღწევისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების პროცესი”. 26 მაისს ოპოზიცია თბილისში ფართომასშტაბიან ”სახალხო აღლუმს” გეგმავს.

პარლამენტის თავმჯდომარეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მიზნით აქციების დაწყების შემდეგ პირველად 8 მაისს შეხვდნენ; ბაქრაძე ასევე მონაწილეობდა 11 მაისს პრეზიდენტთან არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)