სააკაშვილი საზოგადოებრივი სათათბიროს შექმნას გეგმავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი სათათბიროს ჩამოყალიბებას გეგმავს, რათა საზოგადოებას მიეცეს ხმის უფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საკანონმდებლო საქმიანობაში. 

ქართველი მეცნიერების, მწერლების და მხატვრების რუსთაველის და ეროვნული პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ სათათბიროს ექნება კანონების წარდგენის უფლებამოსილება. 

მან განუცხადა პრემიების ლაურეატებს, რომ ისინი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

”ტელევიზიით ჩანს სულ ერთი და იგივე სახეები,” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს მასშტაბით უამრავი ნიჭიერი ხალხია, რომელთაც ”წვლილი უნდა შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში და ახალი სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის შექმნაში, თუ ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ”.

მისი თქმით, დაგეგმილ საზოგადოებრივ სათათბიროში შევლენ სხვადასხვა სფეროების, მათ შორის მეცნიერების, კულტურის, ბიზნესის, განათლების წარმომადგენლები, რათა მათ რეკომენდაციები მისცენ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს.

”ჩვენ უნდა მივცეთ სათათბიროს საშუალება, რომ მათ დაწერონ კანონები და პარლამენტი უნდა იყოს ვალდებული, რომ ეს კანონები მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება,” – განაცხადა მან.

”ეს მოგვცემს საშუალებას ჩვენი პოლიტიკა დავუბრუნოთ ჩვენ ხალხს; გადაწყვეტილების მიღება დავუბრუნოთ ჩვენ ხალხს და ჩვენმა საზოგადოებამ უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის და ახალი დემოკრატიის ჩამოყალიბების საქმეში,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველომ შექმნა ის, ”რაც ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ როდესმე კავკასიაში შეიქმნებოდა – ნამდვილი თანამედროვე სახელმწიფო თავისი ფუნქციონირებადი ინსტიტუტებით”.

”იყო ტრადიციულად, რომ კავკასიაში არის ნიჭიერი ხალხი, შეუძლიათ ხატვა, ცეკვა, სიმღერა, მეცნიერებაშიც მაგრები არიან, მაგრამ ერთი რამ არ შეუძლიათ – ვერ ქმნიან ვერასდროს სახელმწიფოს. ისინი ყოველთვის ერთმანეთს დაჭამენ, დაერევიან, წაიჩხუბებიან, ყოველთვის კანონის წინააღმდეგ გამოვლენ, არ დაიცავენ კანონებს, არ დაემორჩილებიან ინსტიტუტებს, თავისივე დაწერილ კანონებს და წესებს არავითარ შემთვევაში არ გაითვალისწინებენ,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

”ქართველმა ხალხმა, ჩვენმა მრავალეთნიკურმა საზოგადოებამ უარყო ეს სტერეოტიპი და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საქართველო იწვევს ძალიან ბევრი სკეპტიკოსის და ძალიან ბევრი ჩვენი არაკეთილმოსურნის საოცარ გულისწყრომას იმიტომ, რომ ჩვენ მათთვის სასიცოცხლო საფრთხე შევქმენით,” – განაგრძო მან, ”ეს არის პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა, მაგრამ ახლა ჩვენ ვქმნით ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც უნდა იყოს მთავარი დასაყრდენი ახალი ქართული დემოკრატიის. ეს არის ისტორიული პროცესი და მე მინდა ყველამ ამაში მივიღოთ მონაწილეობა”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)