თბილისი აფხაზეთში ”ბენეტონის” მაღაზიის გახსნის გეგმებს აპროტესტებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ”აღვირახსნილი ქცევა” უწოდა ოფიციალური თბილისის გვერდის ავლით თურქული კომპანიის გეგმებს გახსნას ”ბენეტონის” მაღაზია სეპარატისტულ აფხაზეთში.
თურქული გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, კომპანიამ რომელიც თურქეთში ”ბენეტონის” დისტრიბუტორია მიიღო გადაწყვეტილება ამ იტალიური ბრენდის მაღაზია სეპარატისტულ აფხაზეთშიც გახსნას. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ზეინეფ სელგურის თქმით აფხაზეთს ”მისი ტურიზმით და ზღვაზე გასასვლელით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.”
ამასთან დაკავშირებით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში თურქეთის ელჩი ერთან თეზგორი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქართული მხარე არ არის წინააღმდეგი აფხაზეთში რომელიმე კომპანიის მოქმედების, თუ ეს შეესაბამება საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც ამგვარი კომერციული საქმიანობისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვას ითვალისწინებს.
”თუ რომელიმე კომპანიას ეს არ სურს და სურს დარღვევით აწარმოოს თავის საქმიანობა, ამას მოჰყვება სამართლებრივი, კომერციული და სხვა შედეგები,”- განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, თბილისში ”ბენეტონის” რამდენიმე მაღაზიაა გახსნილი და ”ამიტომ თუ ჩვენ მოთხოვნებს გაგებით არ მოეკიდებიან, ჩვენ გვაქვს ბერკეტები იმისთვის, რომ ეს აღვირახსნილი ქცევა აღვკვეთოთ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)