აშშ და ევროკავშირი უპირობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ერთობლივ განცხადებაში მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას დაასრულონ არსებული ჩიხური ვითარება ქუჩებში და დაუყონებლივ,  წინაპირობების გარეშე დაიწყონ მოლაპარაკებები.

”ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას დაასრულონ არსებული ჩიხური ვითარება ქუჩებში და დაუყონებლივ და წინაპირობების გარეშე დაიწყონ მოლაპარაკებები რეფორმების ახალ პროგრამაზე ქართული დემოკრატიის გაძლიერების მიზნით,” – ნათქვამია 25 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”მოვუწოდებთ ყველა ქართველს პატივი სცეს კანონის უზენაესობას, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, თავიდან აიცილოს ძალადობა და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ მცდელობას, რომელიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული თავისუფლების და კეთილდღეობის გაძლიერებისკენ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,” – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის და აშშ-ის ერთობლივი განცხადებები ხშირად არ კეთდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა როდესაც მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს იყო 5 აპრილს და ის ჩრდილოეთ კორეას შეეხებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)