აქციის მონაწილეები სამების ტაძრისკენ დაიძრნენ

ოპოზიციური მოძრაობის არაოფიციალურმა ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ სტადიონზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს მოუწოდა სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობისაკენ, სადაც  პატრიარქი ”დაგვანახებს გზას მომავლისკენ”.

”ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, ჩვენ არ გვყავს მთავრობა, მაგრამ ჩვენ გვყავს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე,”- განუცხადა მან სტადიონზე შეკრებილებს, ”დავიძრათ სამების საკათედრო ტაძარში და უწმინდესმა და უნეტარესმა მიგვიღოს, შეგვიფაროს, როგორც თავისი შვილები და მოგვმართოს რა უნდა გავაკეთოთ ამის მერე”.

”ვიყოთ იქ, სანამ არ მოვისმენთ უწმინდესის და უნეტარესისგან, თუ რა გზით უნდა ვიაროთ ჩვენ ხვალ, ზეგ, მაზეგ და როგორ უნდა მივიდეთ სიყვარულის საქართველომდე,”- განაგრძო მან ჩვეული ემოციით, ”მე დარწმუნებული ვარ, მისი უწმინდესობა გვიკარნახებს… და დაგვანახებს გზას მომავლისკენ. მივენდოთ ღმერთს და მივენდოთ მის უწმინდესობას”.

”მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2009 წლის 26 მაისი ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს,”- დასძინა მიტინგის დასკვნითი სიტყვის დასასრულს გია გაჩეჩილაძემ.

ის მარიამ ღვთისმშობლის ხატით ხელში, რომლითაც დასავლეთ საქართველოს რეგიონები მოიარა, სამების ტაძრისკენ გაუძღვა ათასობით აქციის მონაწილეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)