ალასანია სამოქმედო გეგმას კვირის ბოლოსთვის წარმოადგენს
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ აპირებს სამი მიმართულებით და არა პერმანენტული საპროტესტო აქციებით განაგრძოს ქმედებები, თუმცა დანარჩენ ოპოზიციასთან, მათ შორის ეროვნულ ფორუმთან, მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებით.
”მე პირადად დაგეგმილი მაქვს. სამ პრიორიტეტულ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება,”- განაცხადა მან, ”პირველი, უფრო შედეგებზე ორიენტირებული კონკრეტული საპროტესტო აქციების და არა პერმანენტული საპროტესტო აქციების ჩატარება; მეორე, უფრო მეტი საგნობრივი და შინაარსიანი დიალოგი ხელისუფლებასთან იმ ექვსი პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მათ და მესამე, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვა”.
ეს განცხადება ალასანიამ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კონსულტაციების დასრულებამდე გააკეთა. მისი თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი სამოქმედო გეგმას კვირის ბოლოს წარადგენს.
”მთლიანობაში ვიქნებით ძალიან მჭიდრო კონტაქტში სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, მათ შორის ფორუმთანაც. მათთან ძალიან სერიოზული კონსულტაციები გვექნება სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით,”- განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ არ არის სწორი მოსაზრება, თითქოს ეროვნული ფორუმი ”საერთო საქმეს ემიჯნება”.
მან ასევე განაცხადა, რომ ალიანსს საქართველოსთვის ”არანაირი დაშლა არ ემუქრება”. მისი თქმით, ის, რომ ახალმა მემარჯვენეებმა მონაწილეობა მიიღეს რკინიგზის პიკეტირებაში, ”ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლის გზები და ალიანსის მიზნები შეიცვალა”. თუმცა მან აღნიშნა, რომ ახალ მემარჯვენეებს ”აქვთ საკუთარი პოზიციები რიგ საკითხებზე” და დასძინა, რომ დავით გამყრელიძე თავად გააკეთებს განცხადებას.
”ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ინდივიდუალური ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ ამავე დროს საერთო მიზნებისთვის ვიმოქმედოთ ერთობლივად,”- განაცხადა მან.
ალასანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის მაგისტრალების გადაკეტვის აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ”ჩვენ ამით მიზანს ვერ ვაღწევთ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)