ოპოზიციის ერთობლივი განცხადება 28 მაისის ინციდენტზე

მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა პარტიებმა 29 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში მოუწოდეს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ის ორი პიროვნება, რომლებიც 28 მაისს საღამოს ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.

ქვემოთ მოყვანილია განცხადების სრული ტექსტი:

”გუშინ, 28 მაისს საღამოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი პროვოკაცია მოუწყო საკუთარ ხალხს – ამჯერად რუსთაველის გამზირზე კონცერტის მოსასმენად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს. რამდენიმე ათეულმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა, რომელთა შორის პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებიც აღმოჩდნენ, ხელჩართულ შეტაკებაში გამოიწვია აქციის მონაწილეები, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და აცხადებს, რომ მოხდა დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა. დაკავებულია აქციის მონაწილე რამოდენიმე მოქალაქე, რომლებიც რომც ყოფილიყვნენ ამ ინციდენტის მონაწილეები, ვერ შეძლებდნენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან მათ არ შეიძლებოდა სცოდნოდათ, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული თავდამსხმელები პოლიციელები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ცრუ ბრალდებით დაკავებული მოქალაქეები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და ინციდენტთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება.

ხელისუფლების მიერ 9 აპრილიდან დღემდე ჩადენილი არაერთი პროვოკაციის გამო, რომლებიც განსაკუთრებული სიხშირით რელიგიური დღესასწაულების დღეებში ხორციელდება, მოვითხოვთ, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია შეასრულონ მხოლოდ სპეციალური ფორმითა და საიდენტიფიკაციო ნიშნებით აღჭურვილმა პოლიციის ქვედანაყოფებმა. ამასთან, ფორმიან პოლიციელებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა შორის შესაძლო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად აქციის ორგანიზატორთა წარმომადგენლები მზად არიან პოლიციასთან ერთად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლ ქართველ ხალხს სააკაშვილისა და მისი რეჟიმისაგან გათავისუფლებაში, რომელიც ქვეყანას მიზანმიმართულად მიაქანებს ქაოსისა და სისხლისღვრისაკენ.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)