ოპოზიცია დიპლომატებს ჯარში მიმდინარე პროცესებზე კონტროლის დაწესებას თხოვს
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა 2 ივნისს ერთობლივ განცხადებაში მოუწოდეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს გააკონტროლონ ქართულ შეიარაღებულ ძალებში შექმნილი ”რთული სიტუაცია”.
”არსებობს ეჭვი, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული ნგრევა ჯარის, რომლის ჩამოყალიბებაში ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარი საბიუჯეტო სახსრები და პარტნიორი ქვეყნების სოლიდური დახმარება ჩაიდო,”- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, ”მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლისთვისაც ჯარი არა სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს, არამედ მისი პოლიტიკური მიზნების განხორციელების ინსტრუმენტს წარმოადგენს”.
აღნიშნული განცხადება დღეს თავდაცვის სამინისტროსთან გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციის ლიდერებმა ლევან გაჩეჩილაძემ, სალომე ზურაბიშვილმა, ეკა ბესელიამ, ნინო ბურჯანაძემ, ზურაბ აბაშიძემ, დავით გამყრელიძემ, თინა ხიდაშელმა, ზვიად ძიძიგურმა, კოკა გუნცაძემ და ირაკლი ბათიაშვილმა გაახმოვანეს.
მათი განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ ჯარის მიმართ მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყო, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ”ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დისკრედიტებული წარმომადგენელი – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია”.
”არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ე. წ. მუხროვანის ამბოხი ხელისუფლებამ მას შემდეგ გაითამაშა, რაც საჯარისო ნაწილების პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვა და საპროტესტოდ ქუჩაში გამოსული საზოგადოების წინააღმდეგ გამოყენება მოინდომა,”- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში და აქვე ნახსენებია ამბოხის ბრალდებით დაკავებული 32 მოქმედი თუ ყოფილი სამხედრო და ”ე.წ. სპეცოპერაციის დროს” მოკლული გია კრიალაშვილი.
”ვინაიდან, საზოგადოებაში უკიდურესად დაბალია ნდობა სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის მიმართ, ხოლო შეიარაღებულ ძალებზე საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლი პრაქტიკულად არ ხორციელდება, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება და დააწესოთ კონტროლი და მონიტორინგი ზემოაღნიშული საქმეების გამოძიებასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე,”- მიმართავს ოპოზიცია დიპლომატებს.
ოპოზიციამ ასევე გაუსვა ხაზი, რომ მათი მიზანია ჯარის დაცვა და მის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)