საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტების წესზე შეთანხმდნენ

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიაში სავარაუდოდ შევლენ პარტიების, ავტონომიური რესპუბლიკების (აჭარა, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი), სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

ამის შესახებ შეთანხმება დღეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ავთანდილ დემეტრაშვილსა და  პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის შეხვედრაზე შედგა.

თუმცა კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის საკითხები მას შემდეგ გადაწყდება საბოლოოდ, რაც დემეტრაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართავს შეხვედრას. კომისია პრეზიდენტის განკარგულებით უნდა შეიქმნას, სადაც სავარაუდოდ, იქნება მითითებული კომისიის მუშაობის ვადებიც.  საპარლამენტო უმცირესობამ ბოლო ვადად 2009 წლის 31 დეკემბერი დაასახელა. 

წინასწარი შეთანხმებით, კომისიაში პოლიტიკური პარტიების თითო-თითო წარმომადგენელი შევა, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციიდანაც, თუ მათ ამის სურვილი გაუჩნდებათ.

დღესვე ცნობილი გახდა ექსპერტთა 25-კაციანი შეთანხმებული სია, რომლებიც კომისიის წევრებად მოიაზრებიან. ესენი არიან: ლევან ალექსიძე -თსუ-ს პროფესორი, აკადემიკოსი; დავით აფრასიძე- ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი; ზაზა ბიბილაშვილი  – იურისტი; მარინა გარიშვილი – უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურისტი; გია გეწაძე – იურისტი; ვასილ გონაშვილი – სამართლის დოქტორი; თორნიკე გორდაძე – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ზურაბ დავითაშვილი  – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; დავით დოლიძე – ევროპის საბჭოს ადმინისტრატორი, იურისტი; გიორგი კახიანი – იურისტი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი; გიორგი კვერენჩხილაძე -იურისტი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი; მზია ლეკვეიშვილი – თსუ-ს პროფესორი; მალხაზ მაცაბერიძე – პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი; გია ნოდია – პოლიტოლოგი; ალექსანდრე რონდელი  – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი; ზაზა რუხაძე – იურისტი; იაკობ ფუტკარაძე – კონსტიტუციური სამართლის პროფესორი; ქეთევან ქოქრაშვილი – იურისტი; სოსო ცინცაძე – პოლიტოლოგი; კახი ყურაშვილი –  სამართლის დოქტორი; ნანა ჭიღლაძე  – სამართლის დოქტორი; ვახტანგ ხმალაძე კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი; ზურაბ ჯიბღაშვილი – თსუ-ს დოქტორანტი; გიორგი ხუციშვილი – პოლიტოლოგი; ზაზა ნამორაძე – "ღია საზოგადოება – იუსტიციის ინიციატივის" ბუდაპეშტის ოფისის ხელმძღვანელი.   

იმავდროულად, ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ ის ორპალატიანი პარლამენტის შემოღებას გაუწევს ლობირებას კომისიაში, თუმცა აქვე დასძინა, რომ ამ წინადადების გატანა საკმაოდ ”რთული” იქნება.

”ამით გაიზრდება პარლამენტის როლი, სრულყოფილი ხდება მისი წარმომადგენლობითი ხასიათი,  უფრო სრულყოფილი ხდება საკანონმდებლო პროცესი, აქ გამორიცხული იქნება ნაჩქარევი კანონების მიღება და სხვა განშტოებებთან მიმართებაში უფრო ძლიერი იქნება პარლამენტი,” – განუცხადა ჟურნალისტებს ავთანდილ დემეტრაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)