ოპოზიცია სემნების კრიზისის სწრაფად მოგვარებაში აქტიურობას თხოვს
საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების დელეგაციამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების დაუდასტურა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა და კრიზისის სწრაფად მოგვარებაში აქტიურობა თხოვა.
4 ივნისს სემნებისთან შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოში ჩეხეთის ელჩი ივან ჟესტრაბი, წარმოდგენილნი იყვნენ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია, ამავე ალიანსიდან რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი და საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად საჭიროა ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და ”ველოდებით ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ბევრად უფრო აქტიურ შემხვედრ ნაბიჯებს მოლაპარაკებების კუთხით”.
მისი თქმით, ”თითქმის ყველა” ოპოზიციურ პარტიას აქვს ზოგადი განწყობა, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია და ”ვთხოვეთ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ბევრად უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს და მის საუბრებში ხელისუფლებასთან ეს საკითხი წამოწიოს”.
”სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში არანაირი მინიშნებაც კი არ ყოფილა შესაძლო შეხვედრაზე,”- განაცხადა ალასანიამ, ”ჩვენი აზრით დრო აღარ ითმენს და ჩვენ ყველანი ოპოზიციაში ვართ ამ აზრზე – დრო არ მუშაობს საქართველოზე. რაც უფრო მეტ დროს დავკარგავთ, კრიზისი უფრო გაღრმავდება… დადასტურდა, რომ ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა პოლიტიკურ კრიზისს მიხედოს იგნორირების პოლიტიკით”.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ევროკავშირის დელეგაციას გააცნო ის ”შემაშფეთებელი” ვითარება, რაც შექმნილია ქვეყანაში.
”შემაშფოთებელი იმიტომ, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარი თქვა თავის ფუნქციების შესრულებაზე არა მხოლოდ პოლიციური ფუნქციების, არამედ საკანონმდებლო ფუნქციების და ქვეყნის მართვის უნარი დაკარგა,”- განაცხადა მან, ”ჩვენ ვუთხარით, რომ ეს ჩვენი საერთო წუხილია. ჩვენ ეს არ გვიხარია. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, რომელიც ფუნქციონირებს, რომელიც უმკლავდება ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქვეყანას აქვს – ეს იქნება ფინანსური კრიზისი, ლარის კურსი, კონფლიქტური ტერიტორიები თუ გაეროში მისაღები რეზოლუცია”.
მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია ”აღაშფოთა” გაეროში საქართველოს ელჩის კახა ლომაიას ”უპასუხისმგებლო” განცხადებებმა გაეროს სამდივნოზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ”შანტაჟთან” დაკავშირებით.
”მან [ლომაიამ] ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააყენა იმ ტიპის განცხადებებით, რასაც როგორც ჩანს, ის მიჩვეულია აქ საქართველოში თავის პოლიტიკური ოპონენტებთან სასაუბროდ,”- განაცხადა უსუფაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ის ყველა მოლაპარაკებებზე იქნება წარმოდგენილი და ”ჩვენ ვართ ყველაფერზე მზად”, რათა ”დავნიშნოთ ის თავისუფალი არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანას საბოლოოდ კრიზისიდან გამოიყვანს”.
მისი თქმით, მან მოუწოდა ევროკავშირის დელეგაციას ”გამოაღვიძოს ხელისუფლება და მოიყვანოს გონს, რადგან ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი, რომელიც დღითიდღე მძიმდება”.
პიტერ სემნები დღესვე გეგმავს შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)