ბაქრაძე ოპოზიციას არსებულ ფორმატებში თანამშრომლობას თავაზობს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოლაპარაკებების აუცილებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ, ”პრაქტიკული ნაბიჯების” სახით შესთავაზა მათ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების, ასევე ანტიკრიზისულ კომისიებში ჩართვა.
”თუ ოპოზიციას სურს და აინტერესებს საკონსტიტუციო რეფორმა – ძლიერი პარლამენტი და დაბალანსებული პრეზიდენტი, მოვუწოდებთ მათ და ველით, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში; თუ ოპოზიციას აინტერესებს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და უკეთესი საარჩევნო გარემო, ველით მათ საარჩევნო რეფორმის ჯგუფში; თუ ოპოზიციას აღელვებს ეკონომიკური მდგომარეობა, მზად ვართ თვისობრივად გადავახალისოთ ანტიკრიზისული საბჭო და ანტიკრიზისული ფორმატით უახლოეს დღეებში შევთავაზოთ შეხვედრა პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ 4 ივნისს.
”ჩვენი პოზიციით საჭიროა საუბრიდან საქმეზე გადასვლა – საქმე ლაპარაკის ნაცვლად – და ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას პრაქტიკულ ნაბიჯებს დიალოგის პროცესის დასაწყებად,”- აღნიშნა მან.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების დელეგაციამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების დღევანდელ შეხვედრაზე დაუდასტურეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა და კრიზისის სწრაფად მოგვარებაში აქტიურობა თხოვეს. ოპოზიციამ ასევე გამოთქვა პრეტენზიები ამ საკითხებზე ხელისუფლების პასიურობის გამო და იმავდროულად, იმედი, რომ ხელისუფლება აქტიურ შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს მოლაპარაკებების კუთხით.
რამოდენიმე დღის წინ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში, რომ ალიანსი საქართველოსთვის მზად არის ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ასევე საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში თუ ეს გახდება ხელისუფლებასთან ყოვლისმომცველი შეთანხმების ნაწილი.
”პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს, რომ თუ შეთანხმებები იქნება მიღწეული, თუ შეიცვლება საარჩევნო გარემო და სააარჩევნო კოდექსი, თუ იქნება შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებზე – ყველაფერ ამას უნდა მოყვეს არჩევნები; ეს არის ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსასვლელად,” – დასძინა მან.
”ჩვენ მზად ვართ, ღიად ვიმსჯელოთ ექვსივე პუნქტზე… შესაძლებელია თავდაპირველად ვიმსჯელოთ იმ პუნქტებზე, სადაც შეთანხმების მიღწევა შეიძლება. თუ შეთანხმება შეუძლებელია პირველ პუნქტთან დაკავშირებით [ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები], ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ ვილაპარაკოთ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, მედიის თავისუფლებაზე, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციასა და საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისგან მათ დისტანცირებაზე; არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც დღესვე შეიძლება, თუ მთავრობა პოლიტიკურ ნებას გამოავლენს,” – განაცხადა ალასანიამ.
”რა თქმა უნდა, მთავრობა შეეცდება თავი აარიდოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და ჩვენ შევეცდებით, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად ჩატარდეს. მოლაპარაკებების პროცესში გაირკვევა, რომელ საკითხზე შეიძლება შეთანხმება და რომელზე – არა და ასევე რომელ საკითხებზე შეიძლება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გარანტორი იყოს იმისა, რომ შეთანხებული პუნქტები შესრულდება,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)