ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ომის საერთაშორისო გამოძიების დასკვნა ობიექტური იქნება

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ეგიდით მოქმედი აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის დასკვნა ობიექტური იქნება და დაადასტურებს ”ჭეშმარიტებას” რუსული აგრესიის შესახებ.

”როგორც იცით ჩვენ გვქონდა კითხვის ნიშნები ზოგიერთ ექსპერტთან დაკავშირებით, რომლებიც მუშაობდნენ და დღემდე მუშაობენ ამ კომისიაში,”- განაცხადა 4 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

თებერვალში, გამოძიების დაწყებიდან მესამე თვეს თბილისმა ეჭვქვეშ დააყენა შვეიცარიელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის კომისიაში მოქმედი ზოგიერთი ექსპერტის მიუკერძოებლობის საკითხი და მათი შეცვლა მოითხოვა. 

”თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში მთლიანი დასკვნა იქნება ობიექტური,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”და იმედი გვაქვს, რომ მთლიანად დასკვნა კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ყველამ იცის, რომ გასულ წელს ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას”.

4 ივნისს საგამოძიებო მისიის დელეგაცია ტალიავინის მოადგილის მარიან სტაშევსკის ხელმძღვანელობით  თბილისს ესტუმრა სეპარატისტულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ. 

დელეგაცია დღეს თბილისში შეხვდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს მალხაზ აკიშბაიას. შეხვედრის შემდეგ აქიშბაიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მან იმ მოვლენებზე ისაუბრა, რაც წინ უძღოდა აფხაზური ძალების მიერ ზემო კოდორის ხეობის ხელში ჩაგდებას რუსული ძალების დახმარებით აგვისტოს ომის დროს.

კომისია, რომელმაც მუშაობა დეკემბერში დაიწყო, თავის საბოლოო ანგარიშს ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს 2009 წლის 31 ივლისს წარუდგენს; თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მისიის მუშაობის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)