ბოკერია: დაინტერესებული ვართ გაეროს მისიის შენარჩუნებით, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ თბილისი დაინტერესებულია და ყველაფერს გააკეთებს გაეროს მისიის შენარჩუნებისთვის საქართველოში, მაგრამ ”არა ნებისმიერ ფასად”.
”ჩვენ დაინტერესებული ვართ გაეროს მისიის შენარჩუნებით, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად და არა ნებისმიერი სიძლიერით,”- განუცხადა დღეს მან ჟურნალისტებს, ”კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.
”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება მიღწეული, რომ საქართველოში გაეროს მისია იქნება შენარჩუნებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით იქნება ძალიან მყარი პოზიცია დაფიქსირებული და არ მოხდება ის, რაც მოხდა ეუთოში,”- განაგრძო მან, ”მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ რუსეთმა გააგრძელოს ამ ტიპის აგრესიული პოზიციის დაფიქსირება და ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ, ისევე როგორც ეს ეუთოში მოხდა, სრულ იზოლაციაში დარჩენა”.
მან ეს განცხადება 5 ივნისს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის შემდეგ გააკეთა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ჩატარდა.
გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში მანდატი 15 ივნისს ეწურება და მის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო რეზოლუციით უნდა მიიღოს, რეზოლუციის მიღებას წინ უსწრებდა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება აფხაზეთზე, რომლის სათაურშიც გამოტოვებულია ტრადიციული ფრაზა – ”აფხაზეთი, საქართველო”. საქართველოს ელჩმა გაეროში კახა ლომაიამ ორგანიზაციის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთი გაეროს სამდივნოს დაშანტაჟებაში დაადანაშაულა, ხოლო გენერალური მდივანი მოხსენების შეცვლის გამო ამ შანტაჟზე დამორჩილების გამო გააკრიტიკა. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ”კატეგორიულად უარყო” ეს ბრალდება და ქართველი დიპლომატის განცხადებას ”სამწუხარო” უწოდა.
დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ნიკა ლალიაშვილმა ხელისუფლებას თხოვა უარყოფითი პოზიციის დაფიქსირება ლომაიას განცხადებებთან დაკავშირებით მისი განცხადების დაზუსტების და ან ელჩის გამოწვევის გზით.
თუმცა ხელისუფლებამ ეს პოზიცია არ გაიზიარა და საქართველოს ელჩის გამონათქვამებს ”ადეკვატური” უწოდა.
”ის პოზიცია, რომელიც დააფიქსირა ბატონმა კახა ლომაიამ, იყო ადეკვატური და იყო სწორედ დროული იმიტომ, რომ იყო ძალიან სერიოზული საფრთხე რუსეთს გამოეყენებინა შანტაჟის მექანიზმები, გამოეყენებინა ჟენევის პროცესი იმისათვის, რომ გარკვეული ზემოქმედება მოეხდინა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაზე,”- განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ”ამიტომ ეს იყო სწორედ პრინციპული პოზიცია და ეს პრინციპული პოზიცია ექნება არა მხოლოდ ბატონ კახა ლომაიას, არამედ ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერ დიპლომატიურ მოლაპარაკებაში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)