ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებს სამომავლო გეგმები გააცნეს

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს 5 ივნისს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი, ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძე,  საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია, ალიანსი საქართველოსთვის წევრი ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი ალექსი პეტრიაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე.

გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიცია ბრძოლას არ წყვეტს და უახლოეს ორ დღეში ”ახალ ტაქტიკას” გამოაცხადებს, რომელზეც ”სერიოზული მუშაობა” მიმდინარეობს.

”უთხარით, [ელჩებს] რომ ეს პროტესტი არ შენელდება, სანამ კრიზისი არ ამოიწურება საქართველოში, რასაც ჩვენი მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომა ჰქვია,” – განუცხადა მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დიპლომატიურმა კორპუსმა ”ძალიან ღრმად ჩაიხედა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში, ჩვენი პრეზიდენტისგან განსხვავებით, არავინ არ უარყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ძალიან მწვავეა”.

”ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას. ყველა იმ ქმედებას, რომელიც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ჩარჩოებში, მაგრამ თუნდაც მწვავედ, რომელიც საჭირო იქნება აქციების გაგრძელებისათვის და საბოლოო შედეგის მიღწევისათვის, განვახორციელებთ და მე ვიქნები ნამდვილად ჩემი ხალხის გვერდით, სანამ არ შეიცვლება ეს ხელისუფლება და სანამ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული ხელისუფლება არ მოვა,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

”დარწმუნდნენ ესენი [ელჩები], რომ პროტესტი არ გაქრება, რომ ეს კრიზისი არის ძალიან სერიოზული… პირველად შეიძლება ითქვას, რომ არიან შეშფოთებულები სიტუაციით და თვითონაც აღნიშნეს, რომ ძალიან შეიცვალა სიტუაცია და ეს მათთვის არის დამაფიქრებელი… გამოსავალი არის არჩევნები და დიალოგი არჩევნებზე,” – განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, ოპოზიციის ”სტრატეგია სწორია… ძალიან სწორად მივდივართ და ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენ გამარჯვებამდე, რასაც ქვეყნის გამარჯვება ჰქვია და არა რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერის ხელისუფლებაში მოსვლა”.

იმავდროულად, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 6 ივნისს გამოქვეყნდა, რომ ოპოზიციამ შეძლო აეხსნა ქართული საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ გრძელვადიანი ბრძოლისთვის არის განწყობილი კონსტიტუტიციის ფარგლებში ”სადმე შევარდნის გარეშე”.

”ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ის სტერეოტიპი, რომელიც ვარდების რევოლუიციის შემდეგ დაამკვიდრა სააკაშვილმა, რომ რაღაც საკითხი სადღაც შევარდნით უნდა გადავწყვიტოთ, დავანგრიეთ. არავინ არსად არ შევარდნილა და ხანგრძლივი, მშვიდობიანი ბრძოლისთვის განვაწყეთ საზოგადოება. ვფიქრობ, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველას დავანახეთ, რომ რაც არ უნდა განგრძლივი იყოს ეს ბრძოლა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბრძოლის მიტოვებას შედეგების გარეშე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და დაინახოს ყველა ეს რეალობა და ადექვატურად იმოქმედოს,” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა 5 ივნისს განაცხადა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც კი მიაღწევს გამარჯვებას.

”ძირითადი ოპოზიციური პარტიების საერთო ხმები მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე ნაციონალური მოძრაობის,” – განუცხადა ბერძენიშვილმა ტელეკომპანია ”იმედს”, ”საპარლამენტო არჩევნები ისევე მიუღებელი და სახიფათოა ხელისუფლებისთვის, როგორც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ამრიგად, საჯაროდ ვაცხადებთ – ან ვადამდელი საპარლამენტო ან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები; ამ ორივე ერთად”.  
 

 
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)