ვაშაძემ და ნალბანდიანმა საქართველო-სომხეთის ურთიერთობები განიხილეს

საქართველო-სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტისთვის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს დღეს თბილისში საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირისპირ შეხვედრისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 24-25 ივნისს იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სომხეთში. ამასთან დაკავშირდებით დაისახა ”კონკრეტული გეგმები თანამშრომლობის, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში”.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვაზე აპირებს თუ არა სომხეთი ტვირთების გადაზიდვის სიძვირის გამო ალტერნატიული გზების მოძიებას, რის შესახებაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ განაცხადა, ედვარდ ნალბანდიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით  ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ნამდვილად ბევრი შეკითხვა არსებობს ბიზნესმენების მხრიდან, რადგან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ფოთამდე ტვირთის ჩამოტანა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ფოთიდან ერევნამდე. 

”ბუნებრივია, რომ კითხვები ჩნდება თუ რატომ უნდა იყოს ეს ასე… არ არის ჩვენ ორ ქვეყანას შორის ისეთი საკითხი, რომელიც შეუძლებელი იქნება გადაწყდეს მოლაპარაკებებით და შეთანხმებებით,”- განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ”რაც შეეხება იმ კითხვას რომ ბიზნესმენები ეძებენ ალტერნატიულ გზებს, ეს ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია. ყველა ცდილობს ხელსაყრელ პირობებში ჩამოიტანოს [ტვირთები]”.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე ამ საკითხსაც შეეხნენ და ”ერთხმად ვთქვით, რომ ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის”, თუმცა საკითხს სამინისტროებში არსებული შესაბამისი დეპარტამენტები შეისწავლიან.

”ჩვენ პატარა გამოძიებასავით ჩავატარებთ, შევისწავლით ამ საკითხს და დავილაპარაკებთ. არავითარი გადაუწყვეტი და არავითარი სკანდალური და პრობლემური ამ საკითხში არ არის,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)