ნოღაიდელი შემოდგომაზე მოსალოდნელ ღრმა კრიზისზე საუბრობს
საქართველო შემოდგომაზე ”ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში” იქნება და იმ დროისთვის იქნება ან არჩევნების ან რევოლუციური სცენარი, განაცხადა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა 7 ივნისს.
სხვა ყოფილ მოკავშირეებთან ერთად ნოღაიდელიც გახდა პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკის სამიზნე 5 ივნისს, როდესაც მან განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბერში იმიტომ გაათავისუფლა ნოღაიდელი, რომ ეჭვები გაუჩნდა მისი ეფექტურობის და კეთილსინდისიერების შესახებ. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”სამწუხაროდ” ნოღაიდელმა ”ბევრი ფული” იშოვა მისი პრეზიდენტობის დროს, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი კორუფციაში იყო ჩართული.
ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ნოღაიდელმა განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას, რომ სააკაშვილი ”ისტერიაშია” და ”ისტერიულ განცხადებებს” აკეთებს.
მისი თქმით, პრეზიდენტმა მასზე იერიში მთავრობიდან მისი წასვლიდან ორი წლის შემდეგ განახორციელა, როდესაც ის აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში.
”სხვათაშორის, როდესაც მე თანამდებობიდან წავედი, სააკაშვილმა დამაჯილდოვა წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით. და არაფერი არ უთქვამს იმ დღეს იმაზე, რომ ”არაეფექტური” და ”არაკეთილსინდისიერი” ვიყავი. ამას ვერ გამიბედავდა, იმიტომ რომ მისი ხელისუფლება ძალიან მალე დაინგრეოდა ეს რომ ჩემთვის გაებედა. 5 იანვრის არჩევნებს წააგებდა. აჭარაში არჩევნებს ვერ მოიგებდა და 52%-საც კი ვერ მიიღებდა გაყალბების გზითაც კი. მეორე ტურში სააკაშვილი არჩევნებს წააგებდა,” – განაცხადა ნოღაიდელმა.
ნოღაიდელი და მისი პარტია არ მონაწილეობენ მიმდინარე საპროტესტო აქციებში, თუმცა აქტიურ კამპანიას ახორციელებენ და პარტიის ინფრასტრუქტურას ავითარებენ საქართველოს მასშტაბით.
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის აცხადებს, რომ პარტიას 25 000 აქტივისგან შემდგარი ქსელი სჭირდება ქვეყნის მასშტაბით, რათა სოლიდური წარმომადგებლობა ჰყავდეს საარჩევნო უბნებზე და წარმატებას მიაღწიოს საპარლამენტო არჩევნებში.
ნოღაიდელმა ასევე განაცხადა 7 ივნისს, რომ ამ ეტაპზე მისი პარტია ჯერ არ არის ამისთვის მზად, თუმცა სექტემბრისთვის დასახულ მიზანს მიაღწევს.
”ქვეყანა დღეს არის ძალიან მძიმე სიტუაციაში. ჩვენ შევდივართ მძიმე და ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფაზაში,” – განაცხადა მან, ”შემოდგომაზე ან იქნება არჩევნები და საქართველოს მომავალს განსაზღვრავს მთელი ჩვენი მოსახლეობა, ან იქნება რევოლუციური განვითარების რომელიღაც სცენარი, არასავალდებულოდ 2003 წლის, შეიძლება 1991 ან 1992 წლის სცენარი. ამის შემოქმედი სააკაშვილი იქნება იმიტომ, რომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა გზით უნდა წავიდეს დღეს ქვეყანა. ამას კიდევ ემატება ღრმა ეკონომიკური კრიზისი, შემოდგომაზე პენსიების და ხელფასების დროულად გაცემა უკვე პროლემა იქნება”.
”მე მირჩევნია, რომ დაინიშნოს არჩევნები,” – განაგრძო მან. ”ჩვენ მზად ვიქნებით სექტემბრის დასაწყისისთვის არჩევნების მოსაგებად თუნდაც ამ სისტემით. მაგრამ თუ არჩევნები არ იქნება, ჩვენ უნდა ვაიძულოთ სააკაშვილი დანიშნოს ეს არჩევნები. იმედი მაქვს, რომ ჩვენ რევოლუციამდე არ მივალთ. შემოდგომის დასაწყისიდან ჩვენ დავიწყებთ გამოსვლებს არჩევნების დასანიშნად… იგი იძულებული იქნება, რომ დანიშნოს არჩევნები, რადგანაც ეს ხელისუფლება ინგრევა და იშლება. ეს არის უკიდურესად გაბრაზებული, ყველაფერზე წამსვლელი ხალხი. ამიტომ, ჩვენ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე”.
”სექტემბრისთვის ჩვენ მზად ვიქნებით ან მოვიგოთ არჩევნები, მათ შორის არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში, ან დავიწყოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რაც აიძულებს ხელისუფლებას დანიშნოს არჩევნები,” – დასძინა ნოღაიდელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)