თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა
ფილიპ გორდონი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისში ოფიციალური ვიზიტით 9 ივნისს ჩამოდის, შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან კი 10 ივნისსაა დაგეგმილი.
ფილიპ გორდონი, რომელმაც მაისში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე დენიელ ფრიდი შეცვალა, თავის პირველ სამხრეთ კავკასიურ ტურნეს აწყობს ამ რანგში და თბილისის გარდა ერევანსა და ბაქოსაც ესტუმრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ვიზიტისას განიხილება საკითხების ფართო სპექტრი.
”ფაქტიურად არ არის სფერო, რომელსაც არ შევეხებით – ეს იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ეს იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მდგომარეობა კონფლიქტურ ზონებში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ანუ ურთიერთობის არ არსებობა და ის, როგორ გადავაქციოთ საქართველოს და შეერთებული შტატებს შორის ხელმოწერილი ქარტია პრინციპების ჩამონათვალიდან კონკრეტულ მოქმედების გეგმად,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ 8 ივნისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)