გაჩეჩილაძე დიპლომატების პოზიციის ცვლილებაზე საუბრობს

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ საქართველოს აკრედიტებულ დიპლომატებს ”ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა” საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მისი თქმით, 26 მაისის შემდეგ შეცვლილი პოზიციის გამო.

”ორი დღის წინ ოპოზიცია შევხვდით აკრედიტებულ დიპლომატებს ყველას, რომელთა მსოფლმხედველობა და სახე, მერწმუნეთ, არის გამოცვლილი იმასთან შედარებით, რაც იყო 26 მაისამდე, აბსოლუტურ რეალობაშია ეს ხალხი, რისთვისაც მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო,”- განაცხადა მან პარლამენტის წინ მიტინგზე გამოსვლისას 8 ივნისს. 

”სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სახეზე ეტყობათ მათ უკვე თანაგრძნობა ქვეყნისადმი და არა ერთი პიროვნებისადმი, როგორც ეს ადრე იყო,”- განაგრძო მან, ”მათ უკვე აინტერესებს საქართველო და არა სააკაშვილი, მათ უკვე აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და არა პოლიტიკური პოლიციის არსებობა ამ ქვეყანაში. ეს მათ სახეზე აწერიათ და ამის წაკითხვა ძალიან ადვილია, მე ამას ვგრძნობ და ეს იგრძნო ყველა ჩემმა მეგობარმა, ვინც იყვნენ მათთან შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატებს აქვთ ძალიან მოკლე ლექსიკონი საურთიერთობოდ”.

მისი თქმით, დიპლომატებთან შეხვედრაზე ”მაესტროს” ლიცენზირებაზეც კი გამახვილდა ყურადღება. დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შენობასთან გაიმართა ე.წ. ”პირაკრულთა” აქცია ლოზუნგით ”თავისუფლება სიტყვას”, სადაც მთავარი მოთხოვნა იყო ”მაესტროსთვის” სატელიტური ლიცენზიის მინიჭება. ამ საკითხის განხილვა კომისიამ გაურკვეველი ვადით გადადო.

ლევან გაჩეჩილაძემ ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის საქართველოში მოსალოდნელ ვიზიტზე და მასთან არასაპარლამენტო ოპოზიციის დაგეგმილ შეხვედრაზე. მისი თქმით, საერთაშორისო ვითარება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იცვლება, მათ შორის ომის საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების მოახლოების კუთხით.

”მსოფლიოს რეაქცია ამ ხელისუფლების საპირისპიროდ არის იგივე, რაც იყო ჩვენი რეაქცია ხელისუფლების საპირისპიროდ და ჯამი ივსება და ეს ყველაფერი ერთობლიობაში უმნიშვნელოვანეს დღეს და ხელისუფლების ცვლილებას ნიშნავს,”- განაცხადა მან. 

გაჩეჩილაძემ ასევე მოუწოდა მოსახლეობას 9 ივნისს შსს-ის შენობის პიკეტირების აქციაში აქტიურობისაკენ და აქციების დაწყებიდან ორი თვის თავზე ამ დღეს ”პიკური” უწოდა.

”ხვალ არა ნაკლები მნიშვნელობის აქცია ვიდრე იყო 26 მაისს,”- განაცხადა მან, ”ესაა მთელი მსოფლიოს თვალწინ იერიშის მიტანა პოლიტიკურ პოლიციაზე”.

იმავდროულად, მან დაადასტურა მიმდინარე კონსულტაციები ფართო საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ.  

”ძალიან მალე საქართველოს მოევლინება უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური  მოძრაობა და ჩვენ გავაკეთებთ იმ სისტემას, რომელიც საბოლოო ნაბიჯებს გადადგამს სააკაშვილის სისტემის წინააღმდეგ,”- განაცხადა მან, თუმცა მეტი კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)