კომპანია Pioneer Cement Industries საქართველოში ქარხანას ააშენებს
ინდურმა კომპანიამ Pioneer Cement Industries მარნეულის რაიონში ბაბაკიარის საცემენტე კირქვის საბადოს დამუშავების ლიცენზია შეიძინა 3 300 000 აშშ დოლარად. კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში განახორციელოს 150 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია.
Pioneer Cement Industries არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების რას ალ ხაიმას საინვესტიციო ფონდის და ინდური კოპანიის Penna Cement Industries ერთობლივი საწარმო.
ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ Pioneer Cement Industries მარნეულის რაიონში 100 ჰექტარ ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანას ააშენებს, სადაც 350 ადამიანი დასაქმდება.
შარშან ოქტომბერში იგივე ლიცენზია თბილისში განთავსებულმა საინვესტიციო კომპანიამ RUGE Capital-მა მოიპოვა, რომელიც ასევე აპირებდა ცემენტის ქარხნის აშენებას Firebird Management-თან პარტნიორობით. RUGE Capital-ის დამფუძნებელია ლაშა შანიძე, ათასწლეულის გამოწვევის საქართველოს ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. Firebird-ი საქართველოს ბანკის აქციების მფლობელია მისი ორი შვილობილი კომპანიის Firebird Avrora და Firebird Republics Fund-ს საშუალებით, სადაც ის 4.7% და 4.6% ფლობს შესაბამისად.
ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ RUGE Capital-ს ჩამოერთვა ლიცენზია, რადგანაც მან ვერ შეძლო სრულად გადაეხადა სალიცენზიო თანხა 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ მხოლოდ 450 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
საქართველოში ამ სექტორში უკვე საქმიანობს Heidelberg Cement-ი, რომელიც ორ ქარხანას ფლობს, მათ შორის საქართველოში ცემენტის ბაზარზე ლიდერ კომპანიას ”საქცემენტს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)