ფილიპ გორდონი დავით ბაქრაძეს შეხვდა
საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერის საქმეში აშშ ისეთივე მტკიცეა, როგორც წინა წლებში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 10 ივნისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ.
”საუბარი იყო ყველა იმ თემაზე, რომელიც ტრადიციულად არის საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის საკითხები, საუბარი იყო ზოგადად ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაგრძელებაზე. ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად პირდაპირი და მტკიცე პოზიცია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სახელით, რომ გაგრძელდება საქართველოს მხარდაჭერა, გაგრძელდება საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერა. გაგრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და გაგრძელდება მთლიანობაში ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო იღებდა აშშ-სგან,” – განაცხადა ბაქრაძემ.
”ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და ვისაუბრეთ უსაფრთხოების პრობლემებზეც. კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ – ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სახელით, ის რაც ჩვენ მოვისმინეთ – საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოს უსაფრთხოების მიმართ მხარდაჭერა იქნება ისეთივე მტკიცე, როგორიც ეს იყო მთელი განვლილი წლებს განმავლობაში. ბატონი გორდონი ამასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად ღია, აბსოლუტურად მტკიცე და აბსოლუტურად ჩამოყალიბებული იმ სიგნალში, რომელიც მან ჩამოიტანა ვაშინგტონიდან,” – განაცხადა მან.
”ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო გეგმებზე, მათ შორის ნატოში გაწევრიანებაზე და ევროკავშირთან დაახლოებაზე. აქაც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას,” – განაგრძო ბაქრაძემ.
”ბუნებრივია, ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე და ბუნებრივია ასევე ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკაზე და შემიძლია გითხრათ, რომ აქაც ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ბატონმა გორდონმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა იმ რეფორმას, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და მხარს უჭერს ყველა პროცესის მშვდობიანი პოლიტიკური დიალოგის გზით წარმართვას,” – განაცხადა მან.
ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული საქართველოში ეუთოს და გაეროს მისიების ყოფნის საკითხი.
”მთავარი, რის შესახებაც ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი პარტნიორები და რაზეც მათგან მივიღეთ თანხმობა არის ის, რომ არ უნდა მოხდეს არანაირი ფორმით ლეგიტიმაცია ოკუპაციის, არ უნდა მოხდეს არანაირი ფორმით დაკანონება იმ ნაბიჯების, რომელსაც რუსეთი დგამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც და ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ გაგრძელებულიყო ეუთოს მისია და დაინტერესებული ვართ, რომ გაგრძელდეს გაეროს მისია, ორივეს გაგვაჩნია საერთო წითელი ხაზი, რომლის ფასადაც ეს მისია არ გაგრძელდება. ეს საერთო წითელი ხაზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მიუღებლობა იმისა, რასაც რუსეთი ახორციელებს კონფლიქტურ რეგიონებში,” – განაცხადა ბაქრაძემ.
ფილიპ გორდონთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები მმართველი პარტიიდან, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი. ორი დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობიდან, პაატა დავითაია და გია თორთლაძე ასევე დაესწრნენ შეხვედრას.
ამერიკელი დიპლომატი ასევე გამართავს ცალ-ცალკე შეხვედრებს საპარლამენტო უმცირების ლიდერთან გიორგი თარგამაძესთან და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)