გიორგი თარგამაძე: აშშ-ის მხრიდან პერსონალიების მხარდაჭერის დრო დამთავრდა

ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ დამთავრდა დრო, როცა აშშ ”პერსონალიებს” უჭერდა მხარს.

ამის შესახებ მან თავის თანაპარტიელთან ნიკა ლალიაშვილთან ერთად ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

”მან [გორდონმა] გამოხატა თავისი პოზიცია, რომ პერსონალიების მხარდაჭერის დრო დამთავრდა და იწყება ხანა, როდესაც ისინი აქტიურად დაუჭერენ მხარს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და გაძლიერებას,”- განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს, ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”.

მისი თქმით, საუბრის ძირითადი თემა პოლიტიკურ პროცესებს ეხებოდა – საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას, სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობას, თუმცა ”შევეხეთ ეკონომიკურ საკითხებსაც”.

ამერიკელი დიპლომატი ამ წუთებში ხვდება არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს: ირაკლი ალასანიას, ნინო ბურჯანაძეს და ლევან გაჩეჩილაძეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)