მალხაზ აქიშბაიამ თანამდებობა დატოვა

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აქიშბაიამ 11 ივნისს თანამდებობა დატოვა.

”კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩემ სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით,”- განაცხადა მან დღეს საგანგებო ბრიფინგზე, ”რა თქმა უნდა თანხმობა არის მიღებული ჩემგან. სჭირდება ამას პროცედურები – უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრით უნდა გამათავისუფლოს ამ თანამდებობიდან”. 

მან ეს პოსტი 2006 წლის მარტში დაიკავა შეცვალა რა ირაკლი ალასანია, ალიანსი საქართველოსთვის ამჟამინდელი ლიდერი.

ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა აქიშბაიამ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ეგიდით მოქმედი აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიის დელეგაციასთან გამართა.

აქიშბაია ნოემბერში დაკითხა ასევე რუსული აგრესიის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელმაც თავის დასკვნაში სთხოვა გენერალურ პროკურატურას გამოეძიებინა  მალხაზ აქიშბაიას განცხადება, რომელიც ეხებოდა იმ ფაქტს, რომ მან აგვისტოს ომის დროს ვერ შეძლო ზემო კოდორის ხეობაში ჩასვლა, სანამ ხეობას რუსების მხარდაჭერით აფხაზები მებრძოლები დაიკავებდნენ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შტაბბინა კოდორის ხეობაში იყო განთავსებული, ვიდრე აგვისტოში თბილისი კონტროლს დაკარგავდა ამ ტერიტორიაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)