საკონსტიტუციო კომისია გადაწყვეტილებას 2/3-ით მიიღებს
საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისია საბოლოო პროექტზე გადაწყვეტილებას 2/3-ით მიიღებს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა კომისიის დებულებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ.
”კონსტიტუციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც უნდა იყოს მიღებული, ეს უნდა იყოს ძალიან მაღალი კონსენსუსი. ეს იქნება 2/3 – საბოლოო პროდუქტისათვის და შუალედური პროდუქტი ეს იქნება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ანუ აქაც მაღალი კონსესუსია,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს 11 ივნისს.
საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების კანონპროექტი საბოლოოდ პარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს სამი მოსმენით.
დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობის საგანი იყო ასევე დებულებაში კომისიის მუშაობის ვადების განსაზღვრა. საპარლამენტო უმცირესობამ, ცვლილებების მომზადების ბოლო ვადად 31 დეკემბერი დაასახელა.
საკონსტიტუციო კომისია 8 ივნისს პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა. კომისიაში მუშაობას ამ დრომდე პარტიებიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და საპარლამენტო პარტიები დათანხმდნენ. არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც უარს აცხადებენ კომისიაში მუშაობაზე, კანდიდატების წარდგენის ვადა 20 ივნისს ეწურებათ.
ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, თუ პარტიების უმრავლესობა კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება, მისი ლეგიტიმურობის ხარისხი დაიწევს. თუმცა მან იმედი გამთქვა, რომ რაღაც ეტაპზე პარტიები მიიღებენ კომისიაში მონაწილეობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)