ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების ”რეპრესიული მანქანის სასწრაფოდ შეჩერებას” ითხოვენ

საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას ”სასწრაფოდ შეაჩერონ რეპრესიული მანქანა”, რომლითაც ”ხელისუფლება აგრძელებს განსხვავებული აზრის დევნას, პოლიტიკურ ოპონენტებზე, მათ მხარდამჭერებზე ზეწოლას, მათ დაშინებასა და უკანონო დაპატიმრებებს”.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც აქციების ორგანიზატორი ყველა ოპოზიციური პარტია აწერს ხელს, ნათქვამია, რომ დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ძალადობის 200-მდე შემთხვევა.

”ხელისუფლება ავრცელებს დამახინჯებულ ინფორმაციას მშვიდობიან მომიტინგეებზე 11 აპრილს, 6 მაისსა და 28 მაისს განხორციელებული თავდასხმისა და ძალადობის შესახებ,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს სახალხო დამცველი ოფისში ერთობლივ პრესკონფერენციაზე დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ წაიკითხა.

”განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა გრძელდება იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან [ლევან გაჩეჩილაძესთან] შეხვედრაზე გამოთქვამს მზადყოფნას გადახედოს ამ ნიშნით დაკავებული ადამიანების საქმეებს,”- აცხადებენ პარტიები.

მათი განცხადებით, ”პოლიტიკური ნიშნით დევნა” მხოლოდ გაამწვავებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ადამიანების ”უკანონო” დაკავებები გამოიწვევს სიტუაციის მკვეთრ ესკალაციას, რის ”შედეგებზეც პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება ხელისუფლებას”.

ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ორი მეთოდით ებრძვის ოპონენტებს – ამას ახორციელებს არაოფიციალური დაჯგუფებების გამოყენებით და მეორე, ”ვითომდა კანონიერ და იურიდიულ საფუძველზე”.

”ასეთ ვითარებაში საზოგადოებაში მკვიდრდება ტოტალური დაუცველობის სინდრომი,”- ნათქვამია განცხადებაში, ”სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ უარი თქვა თავის ძირითად ფუნქციაზე – დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და გახდა მოსახლეობისთვის საფრთხის მატარებელი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)