ოპოზიციის ლიდერები პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობენ
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, 12 ივნისს პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტი არ უნდა იქნას განხილული და შეფასებული როგორც ცალკე აღებული შემთხვევა ქვეყანაში ბოლო ორ თვის მანძილზე მიმდინარე მოვლენების ”მთლიანი კონტექსტის” გათვალისწინების გარეშე.
12 ივნისის ინციდენტის შესახებ ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც დაგმობილია ინციდენტი და ნათქვამია, რომ ”საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ პარლამენტის წევრებსა და მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეზე განხორციელებულმა თავდასხმამ” 12 ივნისს ”გადაკვეთა ხაზი, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალურ ქმედებას შორის არის გავლებული”. ხოლო საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ ინციდენტი დემოკრატიის შეურაცხყოფად შეაფასა.
”რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, როდესაც ვიღაც ქვებს ისვრის. მაგრამ ჩვენ ეს [12 ივნისის ინციდენტი] უნდა განვიხილოთ მთელი მოვლენების კონტექსტში… არც ერთი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მომიტინგეებზე თავდასხმებში, არ არის დაპატიმრებული; ისინი მხოლოდ მომიტინგეებს აპატიმრებენ,” – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქარველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” 14 ივნისს.
კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა 14 ივნისს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებები ”მიუკერძოებელი” უნდა იყოს; მისი თქმით, 12 ივნისის ინციდენტამდე ოპოზიციის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე თავდასხების ”ასობით” შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბოლო ორი თვის მანძილზე. ”ყველაფერი ეს უნდა შეფასდეს ბოლოდროინდელი მოვლენების კონტექსტში და უნდა ითქვას, თუ რამ გამოიწვია აგრესია დეპუტატების წინააღმდეგ; ფაქტია, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას და ჩვენ ვაფრთხილებდით როგორც ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას ამის თაობაზე,” – განაცხადა კუკავამ.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რიომ ”ქვების სროლა აბსოლუტურად მიუღებელია” და ”ეს მოითხოვს ადექვატურ შეფასებას ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან”.
”მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის კონტექსტი, რომელშიც ეს ხდება – ეს არის ძალიან რთული პოლიტიკური სიტუაცია,” – განაცხადა ალასანიამ 14 ივნისს გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას.
ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფების შვიდი აქტივისტი დააკავეს 12 ივნისის ინციდენტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი 400 ლარის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ოთხ მათგანს 25 დღიანი, ხოლო ორს 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ ასევე დაგმო 12 ივნისის ინციდენტი და განაცხადა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში, რომ ოპოზიციის ლიდერებმა უნდა აუხსნან თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ამგვარი ტიპის ქმედებები, რასაც პარლამენტის წინ ჰქონდა ადგილი, მიუღებელია. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავებამ არსებულ სიტუაციაში შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს პოლიტიკური სიტუაცია. სემნებიმ ასევე განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმებს და ეს შემთხვევები უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)