მედვედევი საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის წითელ ხაზებზე საუბრობს
რუსეთი მზად არის დასავლეთის სახელმწიფოებთან კავკასიაში სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს, თუმცა, მოსკოვს ორი ”წითელი ხაზი” გააჩნია საქართველოსთან მიმართებაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, პირველი არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.
”ჩვენი გადაწყვეტილება შეუქცევადია; ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო,” – განაცხადა მედვედევმა.
მეორე ”წითელი ხაზი”, განაგრძო მან, არის მოსკოვის ”დამოკიდებულება თბილისის ამჟამინდელ რეჟიმთან”.
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პოლიტიკურმა რეჟიმმა დანაშაული ჩაიდინა და ჩვენ მასთან საერთო არაფერი გვექნება,” – განაცხადა მედვედევმა. ”მაგრამ ამავე დროს, საქართველოში ჩატარებული რომელიმე არჩევნების შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით მივუბრუნდეთ სხვადასხვა საკითხების განხილვას იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი აირჩევს ახალ ხელმძღვანელობას, რომელიც შეძლებს მეგობრული დიალოგი აწარმოოს რუსეთთან და საქართველოს სახელმწიფოს ახლო მეზობლებთან – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხებთან”.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის არგუმენტები აგვისტოს ომის შესახებ და განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, არის ”იმ უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელმძღვანელობა ახორციელებდა იმ პერიოდში”.
მედვედევის თქმით, მოსკოვს ჩარევა მოუწია, რათა დაეცვა თავისი მოქალაქეები და საბოლოო ჯამში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება გადაწყვიტა.
”ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ მკაცრი პოზიცია დაიკავა ამ ქმედებების მიმართ,” – განაგრძო მან, ”ბოლო-ბოლო ეს მათი საქმეა. ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებდით და იმედი არ გვქონდა, რომ ვინმე ამაში მხარს დაგვიჭერდა, რადგანაც ეს იყო ჩვენი ჰუმანიტარული და თუ გნებავთ უბრალოდ მორალური ვალი ამ სიტუაციაში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)